ბრძოლის ველი არის არა ამ რუსულ სპეცოპერაციად წოდებულ, ვითომ არჩევნებში, არამედ ამ პრინციპულ დაპირისპირებაში ტყუილთან, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარ მიზნებზე ყურადღება არ უნდა დაიკარგოს.

"ჩვენი აქციის მთავარი სათქმელი არის, რომ ბრძოლის ველი არის არა ამ რუსულ სპეცოპერაციად წოდებულ, ვითომ არჩევნებში, არამედ ამ პრინციპულ დაპირისპირებაში ტყუილთან და თეატრთან, რომელიც უნდათ, რომ რეალობად შემოგვასაღონ.

მთავარი არის ის, რომ ჩვენ ყურადღება არ უნდა დავკარგოთ იმაზე, რაც მისაღწევი გვაქვს - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, თავისუფალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება. ამის მიღწევის საუკეთესო გზა კი არის პროტესტი და აქტიური წინააღმდეგობა", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ბათუმის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები, აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქციით კიდევ ერთხელ ეუბნებიან არას 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს.