თბილისის მუნიციპალური სერვისის „60+ – კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომელიც უფროსი თაობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერასა და სოციალური ჩართულობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, წლის საანგარიშო ღონისძიება გაიმართა. წარმოდგენილი იყო კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა კონცერტი და კლუბის წევრებს გადაეცათ საპატიო წევრობის სიგელები.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების დირექტორი ნინა ანჯაფარიძე, საკრებულოს წევრები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"60+ – კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის და წარმოადგენს წევრობაზე და მოხალისეობრივ ჩართულობაზე დაფუძნებულ სოციალურ სივრცეს. მათთვის ყოველდღიურად ტარდება ფიზიკური ვარჯიშები, ხატვის, სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები, მასტერკლასები და სხვა შემოქმედებითი აქტივობები. აქტიური სოციალიზაცია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მონაწილეთა ფსიქიკურ კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

"60+ – კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ ხორციელდება თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მიერ, UNFPA-ს პარტნიორობით. ამჟამად, ფუნქციონირებს ორ ლოკაციაზე: მირზა გელოვანის სახელობის №2 ბიბლიოთეკაში და თემქის მედიათეკაში. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე კლუბის გახსნაც.

2026 წლიდან, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, კლუბი დაიწყებს თაობათა შორის საგანმანათლებლო პროექტს, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები მოხალისეობრივად კლუბის წევრებს ინგლისურ ენას შეასწავლიან. პროექტი ხელს შეუწყობს თაობათა შორის თანამშრომლობას.