არ მეშინია, გინდათ ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდა მეძახეთ. ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები. ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები. ჩემ საქციელზე მე ვარ პასუხისმგებელი, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მას როგორც გაუსწორდნენ, ამაზე არავის უგია ამ დრომდე პასუხი.

"მოტივი და კონტექსტი ისე გამოდის, თქვენი ბრალდების მიხედვით, რომ დანიაში ვცხოვრობთ, ჩიტები ჭიკჭიკებენ, სამართლიანობა ყვავის, ეს შენობა არის სამართლიანობის და უსაფრთხოების გარანტი მოქალაქეებისთვის, მე უცბად რაღაცამ დამარტყა თავში, შაბათს დილაუთენია, 05:00 საათზე ამოვიჩარი ბენზინი იღლიაში, მოვედი და უნდა დამებუგა აქაურობა, „ბელაია გარიაჩკა“ დამემართა. ეს ხომ ასე არ ყოფილა, სინამდვილეში ეს შენობა არის ხალხის ღირსების აყრის, უსამართლობის შეურაცხყოფის ადგილი, ამ შენობაში სცემდნენ ქალებს და მერე იძახდნენ, რომ ესენი ქალები არ არიანო, მაგასაც მოვესწარი და მერე ის კაცები მანდილოსნების სადღეგრძელოს სვამდნენ. ამას რომ ვუყურებდი, ეგ მაცოფებდა.

ჩემთან დაკავშირებით გეტყვით, რამდენჯერმე როგორ მომექცნენ და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უნდა გადამეყლაპა და ასე მეცხოვრა ხომ? ქალები ტყუილად რომ სხედან ციხეში, როგორ სძინავს იმ ხალხს, ვინც ისინი ციხეში ჩასვა? მოტრიალდა ეს ამბავი და ვაი იმათ, ვინც ამას სჩადიოდა მოსამართლიან, პროკურორიან, მანდატურიანად და ახლა ნახავენ ეს ადამიანები, ბიძინა ივანიშვილს არავინ რომ არ ადარდებს დედამიწაზე, თავისი ოჯახის და თავისი უსაფრთხოების გარდა. მდინარაძემ გუშინ ეს ნახა და იმიტომაც იყო ასეთი სასოწარკვეთილი გამომეტყველებით.

არ მეშინია, გინდათ ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდა მეძახეთ. ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები. ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები. ჩემ საქციელზე მე ვარ პასუხისმგებელი. მე არ ვარ ზაქარია ჩოხელი, რომ 2 წელი დავიმალო და ქათმის ბარკლებით ვცადო რაღაცების მოგვარება. რაც გავაკეთე, მე ვარ პასუხისმგებელი. ბოდიშს ვიხდი ემოციებისთვის. ქვეყანას რომ ეხება, იმაზე ვდარდობ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა. 

ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.