ამ სარჩელის მთავარი პრობლემა არის ის, რომ რუსეთს უქმნის საკანონმდებლო საფუძველს შემდეგი მოქმედებებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის რუსეთის გეგმა.

"ეს სარჩელი რომ ნახოთ, გარდა იმისა, რომ სამართლებრივი აბსურდია, ეს ისტორიის გადაწერის მცდელობაა. სასამართლო არა მხოლოდ კრძალავს ოპოზიციურ პარტიებს, არამედ, მილიონზე მეტ ადამიანს ქვეყანაში არჩევანის საშუალებას უსპობს. ამ სარჩელის მთავარი პრობლემა არის ის, რომ რუსეთს უქმნის საკანონმდებლო საფუძველს შემდეგი მოქმედებებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

“ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას მიიღებს იმ ისტორიულ პროცესში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება. ეს გახლავთ რუსეთის ბრალდება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფოს გაუქმების, რუსიფიკაციის დაკანონების საბოლოო ფაზა ივანიშვილის რეჟიმისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორიც არ უნდა იყოს, ერთიანი “ნაციონალური მოძრაობა” არა და არასოდეს თავს არ დაუხრის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და იბრძოლებს ბოლომდე საქართველოს თავისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მოსამართლეებს უნდა ესმოდეთ, რომ კრძალავენ არა პარტიებს, არამედ თავისუფალ სიტყვას", - განაცხადა ანა წითლიძემ.