ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ბაჩო ახალაიას ეს ფრაზა (დამხობა) არ უთქვამს, რა თქმა უნდა, ნათქვამი აქვს, უბრალოდ, ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანს აქვს სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.

"დაცვის მხარეს მტკიცებულებები არის მანდატურების დაკითხვის ოქმები. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ბაჩო ახალაიას ეს ფრაზა (დამხობა) არ უთქვამს, რა თქმა უნდა, ნათქვამი აქვს, უბრალოდ, ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანს აქვს სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. არანაირად არ შეიძლება ეს ფრაზა ჩაეთვალოს დანაშაულად, იმიტომ, რომ აქ არ იყო მოწოდება. აქ იყო აზრის გამოთქმა, თავის საკუთარ სასამართლოზე. ახლა რომ შექმნეს „სქროლვის“, „სქრინვისა“ და აზრის დაპატიმრების სამმართველო, ამის წინაპირობა იყო ზუსტად ის, რომ ბაჩოს აზრის გამოხატვის გამო წაუყენეს ბრალი“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავეს. საქმე 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას მეორე ბრალდება 27 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.