ეს არის კადიროვის საქართველო, ეს არ არის საქართველო. ასეთი რამ უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი რამ არ უფიქრია იგორ გიორგაძესაც კი ათეულობით წლების წინ და ამას კადრულობს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები.

"არცერთი წამით არ გვეპარება ეჭვი, რომ ის, რაც მოხდა, მიმართული იყო, უპირველეს ყოვლისა, თინა ბოკუჩავას პოლიტიკური განეიტრალებისკენ და იმ პარტიის, რომლის თავმჯდომარესაც იგი წარმოადგენს. სრულ თანადგომას ვუცხადებთ თინას და კვლავ ვაფიქსირებთ, რომ ამ უმძიმეს მწვერვალებს ყოველდღიურად იპყრობს „ქართული ოცნება“. ეს პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით და ყველაზე უფრო მოწყვლადი სუბიექტების მიმართ მუქარით, ვგულისხმობ ბავშვებს და პირველ რიგში, მცირეწლოვან ბავშვებს. ეს არის კადიროვის საქართველო, ეს არ არის საქართველო. ასეთი რამ უპრეცედენტოა ქვეყნისთვის. ასეთი რამ არ უფიქრია იგორ გიორგაძესაც კი ათეულობით წლების წინ და ამას კადრულობს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები. 

ხაზგასმით ვამბობ, რომ ასეთ ვითარებაში სრულიად წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ რეჟიმთან რაიმეზე, თუნდაც ირიბი თანამშრომლობა და უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, სრული ართანამშრომლობის რეჟიმი, სრული ბოიკოტირება მათ მიერ მოწყობილი სამარცხვინო სპექტაკლებისა და ამაში ვგულისხმობ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესი -  ჩაგვითრიოს პროცესის სიმულაციაში, რაც მხოლოდ მას აწყობს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მისი მეუღლის მიერ უტა ივანიშვილისთვის მოხდილ ბოდიშს წინ კოტე იოსელიანის გატაცება და ოჯახის წევრების მიმართ მუქარა და დაშინება უძღოდა.