ეს აღარ არის რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბანდიტებმა დაამკვიდრეს საქართველოში კადიროვიზმი.

"ის რაც მოუწყვეს კოტე იოსელიანს და მის ოჯახს გუშინ, ეს აღარ არის რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი. კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს ოჯახის უსაფრთხოებით.
ამ ბანდიტებმა დაამკვიდრეს საქართველოში კადიროვიზმი. ხალხო, არ გვეშინია, არ გავჩუმდებით.  ეს არის უკიდურესად მხდალი, უკიდურესად სუსტი რეჟიმის ქმედება - ეს დაშინების მცდელობაა ერთუჯრედიანი, უინტელექტო, გაუნათლებელი ქონდრისკაცების მხრიდან.

მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ეთამაშება რეჟიმთან თანამშრომლობის, რეჟიმის გაპატიოსნების იდეას: არ გეყოთ, რაც ნახეთ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, წინა საპარლამენტო არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც შარშან ჩატარდა? მერამდენედ შეიძლება ერთსა და იმავე წყალში შესვლის მცდელობა? ეს რეჟიმი არანაირ თავისუფალ არჩევნებს არ ჩაატარებს, ამ რეჟიმთან მხოლოდ საჭიროა ლაპარაკი ჩვენი ორგანიზებულობით, ერთიანობით, სიმტკიცით და ისე, როგორც დღეს თიკამ გააკეთა ეს. ყველა, ვინც ამ პირობებში წავა არჩევნებზე, უბრალოდ პირდაპირ თამაშობს რუსეთის და ოლიგარქიული დიქტატურის თამაშს. მათი დღეები არის დათვლილი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ გახანგრძლივება სხვადასხვა არჩევნებით და კოლაბორაციით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მისი მეუღლის მიერ უტა ივანიშვილისთვის მოხდილ ბოდიშს წინ კოტე იოსელიანის გატაცება და ოჯახის წევრების მიმართ მუქარა და დაშინება უძღოდა.