აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივ რეჟიმში გადაიყვანს სავიზო გირაოს პროგრამას, რომლის ფარგლებში, დაახლოებით, 50 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მიღებისას, შესაძლოა, 20 000 დოლარამდე ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისროთ.

"როიტერის" ინფორმაციით, ცვლილება ეხება B1 და B2 კატეგორიის ვიზებს, რომლებიც საქმიანი და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა.

დოკუმენტის მიხედვით, საკონსულო ოფიცრებს უფლება ექნებათ, კონკრეტულ შემთხვევებში, ვიზის გაცემის წინაპირობად 20 000 დოლარამდე გირაოს გადახდა დააწესონ.

საბოლოო რეგულაცია 3 აგვისტოდან, ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში. პროგრამა შეეხება 50 ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაგან 30 აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. სიაში არის საქართველოც.

აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, ახალი პოლიტიკის მიზანია ვიზის ვადის გადაცილების შემთხვევების შემცირება, თუმცა, იმიგრაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს ზომა აშშ-ში ლეგიტიმური მოგზაურობის მსურველებსაც შეაფერხებს.