ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ერთადერთი და მნიშვნელოვანი მოთხოვნა - ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  "ქართული ოცნების" ქმედებები იწვევს გაურკვევლობას პარტნიორ ქვეყნებში.

"ჩვენ ვნახეთ, რომ მდინარაძის ამერიკაში ჩასვლა, მათ შორის დარსალიას ამერიკაში ჩასვლას რა მოჰყვა - გამოქვეყნდა შათირიშვილის წერილი, რომელმაც "დიფ სთეითის" მართვაში დაადანაშაულა ტრამპი, დისკრედიტაციას ახდენენ ამერიკის შეერთებული შტატების და მათი ლიდერების, ასევე, ირანის დროშა ააფრიალეს თბილისში არსებულ ანძაზე - ეს არის ის გაურკვევლობა, რასაც "ქართული ოცნების" ქმედებები იწვევს, ამიტომ ვეღარ აღიქვამენ მათ სერიოზულად.

ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ერთადერთი და მნიშვნელოვანი მოთხოვნა - ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, არ იყვნენ ციხეებში პოლიტიკური ლიდერები და არ ჰყავდეს ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები, ანუ, ვითარება, რაც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა, უნდა შეჩერდეს და შეიცვალოს, ასევე, უნდა შეწყვიტონ ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაცია", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.