რასაც ვაფრთხილებდი TSQ-ის პირამიდასთან დაკავშირებით, საუბედუროდ, მოხდა - ათეულობით მილიონი დოლარი დაკარგეს ერთ წამში ჩვენმა მოქალაქეებმა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე წერს.

"არასრული 24 საათის განმავლობაში ჩემი ორი გამაფრთხილებელი პოსტი 1.2 მილიონმა ადამიანმა ნახა.

ბედნიერი ვიქნები, თუ ამ გაფრთხილების შემდეგ ვინმემ გადაიფიქრა ამ თაღლითურ სქემაში ფულის ჩადება და საკუთარი ოჯახი ზიანისგან იხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ აპრილის თვიდან მიმდინარეობდა ამ თაღლითური პირამიდის დაქოქვა და მან პიკს აგვისტოს შუა რიცხვებში მიაღწია, მთავრობას ამის თაობაზე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია.

ეროვნულმა ბანკმა პირველად მხოლოდ 30 ივლისს გააფრთხილა ხალხი ზოგადად პირამიდული სქემების საფრთხის შესახებ, ისე, რომ არ უხსენებია კონკრეტულად აღნიშნული TSQ-რეალურად არარსებული, ვირტუალური კომპანია. არც მის მიერ 26 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში იყო ნახსენები ეს კომპანია და მხოლოდ ზოგადი რჩევებით შემოიფარგლა.

ეს უკვე დაგვიანებული, “უკან მიდევნებული ლამპარი” იყო. ე.წ. ჰენრი ჯონსმა-ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა რობოტმა, რომელიც ხალხს ნამდვილ ადამიანად მიაჩნდა - ბოლო ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ 25 აგვისტოდან დროებით, 4 სექტემბრამდე, აჩერებდა ფულის გატანას და მოუწოდა ისედაც გაუბედურებულ ხალხს, კვლავ აქტიურობისკენ.

განსხვავებით სომხეთის მთავრობისგან, საქართველოს მთავრობამ სირაქლემის პოზაში ყოფნა არჩია, რადგან თავად „ოცნების“ ხელისუფლება და მისი მინისტრები იყვნენ ბრალდებული მსგავსი დანაშაულებრივი სქემების - ქოლ-ცენტრების ორგანიზებაში. მას ამ თემაზე საუბრის პოლიტიკური რესურსი არ აღმოაჩნდა. არჩია, ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ელაპარაკა.

ეს მძიმე შემთხვევა გამაფრთხილებელი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ზუსტად ამწუთას საქართველოში ახალი პირამიდა იკრებს ძალას. ძველმა თავისი მოძოვა და წავიდა - ალბათ, ცენტრალურ აზიაში საბალახოდ. ახალი კი კვლავ შეეცდება აქ ხალხის მოტყუებას.

არარსებულ ჰენრის ვერავინ ვერასდროს მიაგნებს. აი, ამ პირამიდის ორგანიზატორებსა და ე.წ. ლიდერებს კი პასუხი უნდა მოეთხოვოთ", - წერს გოცირიძე.