საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.
"11 წლის მანძილზე ეს მესამე ღია წერილია, რომელსაც გწერთ; რამაც შთამაგონა ამ წერილის დაწერა არის ის, თუ როგორ გადაწყვიტეთ ერთპიროვნულად და ცალმხრივად საქართველოს კურსის ცვლილება ევროპიდან რუსეთისკენ, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის 80% სურს ქვეყნის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობა.
საქართველოს ევროპული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული; გარდა ამისა, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი ევროკავშირთან, რომელმაც ქართველ ხალხს ასევე მიანიჭა უვიზო რეჟიმი.
15 წელზე მეტი ხნის მანძილზე ასრულებდა საქართველო ევროკავშირის ბევრ რეგულაციას და ნერგავდა კანონმდებლობას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროკავშირში სწრაფ გაერთიანებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების ფასი ძალიან მაღალი აღმოჩნდა ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნეს კლიმატისთვის, მაგრამ ყველა დაინტერესებულ მხარეთა შორის იყო ერთსულოვანი შეთანხმება, რომ ამ ფასის გადახდა ნამდვილად ღირდა.
2022 წლის ერთ დილას თქვენ გაიღვიძეთ და გადაწყვიტეთ შეგეჩერებინათ ევროპული ინტეგრაცია და ქვეყანა გაგეხადათ რუსეთის ვასალი; ამით არღვევთ რა საქართველოს კონსტიტუციას, უგულვებელყოფთ ქართველების 80%-ის სურვილსა და ოცნებებს, სანაგვეზე ისვრით ყველა იმ მსხვერპლს, რომელიც ქვეყანამ წლების მანძილზე გაიღო, რათა ევროკავშირის კანონმდებლობა დაეცვა და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი გამხდარიყო.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 ოქტომბერს ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენისას, თავადაც რომ ესწრებოდით, თქვენი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დასახული იმ მიზნების მიღწევის საშუალება იყო, რომლებიც თქვენს საარჩევნო პროგრამაში გაწერეთ და აქედან გამომდინარე რამოდენიმე კვირაში ვინც თქვენ აგირჩიათ, ხმა მისცა თქვენს ევროპულ დღის წესრიგს.
ახლა, როდესაც სრულად შეცვალეთ მიმართულება და ცდილობთ ჩვენ ყველანი რუსეთში წაგვიყვანოთ ნაცვლად ევროპისა, თქვენმა პარტიამ დაკარგა ლეგიტიმაცია, ვინაიდან თქვენ ეწინააღმდეგებით თქვენსავე საარჩევნო პროგრამას და თქვენი ამომრჩევლების ევროპულ არჩევანს, ეს კი სრულიად არალეგიტიმურად აქცევს თქვენს მთავრობას, რომელიც ძალაუფლების უზურპაციას ახდენს.
ხელისუფლებაში ყოფნის 11 წლის მანძილზე, თქვენ საზოგადოება დაყავით და პოლარიზება მოახდინეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბით; შეგახსენებთ, რომ ის ქართველი მმართველები, რომლებიც ისტორიას ახსოვს, ნამდვილად არ არიან ისინი, ვინც თავისი ხალხი ისე დაყო, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ, მაგრამ ნამდვილად არიან ის მმართველები, რომლებმაც თავიანთი ხალხი გააერთიანა ერთი დროშის ქვეშ, ასეთები კი იყვნენ ფარნავაზ I, დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, გიორგი V და დავით II.
თქვენ საქართველოში დააბრუნეთ კორუფცია, ნეპოტიზმი, შოვინიზმი, კლიენტელიზმი, უნიათობა, პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვა და ღალატი, ზურგში მახვილის ჩაცემით თქვენი ევროპელი და დასავლელი მოკავშირეებისთვის, რომლებიც უდრეკად იდგნენ საქართველოს გვერდით სამი ათწლეულის მანძილზე და თქვენ კი საქართველო ვერცხლის ლანგრით მიჰგვარეთ მის დაუძინებელ მტერს.
2022 წელს, თქვენ მიზანმიმართულად მოახდინეთ რუსეთთან მთლიანი ეკონომიკური აქტივობის უპრეცედენტო მასშტაბის ზრდა, რაც ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 22%-ს ექვივალენტს წარმოადგენს, განსხვავებით 2003 წლისგან-9% და 2012 წლისგან-8%.
თქვენი ქმედებებისა და გადაწყვეტილების გამო, საქართველო დიდ საფრთხეში ჩააგდეთ, აქციეთ რა ქვეყანა ეკონომიკურ მძევლად რუსეთის მთავრობისა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს, როცა მოესურვება, გააკოტროს და მოგუდოს ქვეყანა, თუ თქვენ ზედმიწევნით არ შეასრულებთ მათ ბრძანებებსა და ინსტრუქციებს.
საქართველოს გაკოტრება და მოგუდვა ძალიან ნაცნობი სცენარია, რომელსაც რუსმა ლიდერებმა ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე რამოდენიმეჯერ მიმართეს ქვეყნის წინააღმდეგ და თქვენი გულუბრყვილობა, რომ რუსეთი ამჯერად არაფერს გვავნებს, მახსენებს ამ ციტატას: „სიგიჟის განმარტებაა, როდესაც იგივეს აკეთებ განსხვავებული შედეგების მოლოდინით“.
თქვენი პარტიის ლიდერებმა რამოდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ თქვენი მთავრობა რუსეთიდან ფრენების აღდგენას იმიტომ დათანხმა, თითქოს არ გსურდათ რუსეთის მთავრობის „გაბრაზება“; ეს არის აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ საქართველო უკვე არის რუსეთის მთავრობის მძევალი და შანტაჟის მსხვერპლი.
თქვენსავე ლოგიკას რომ მივყვეთ, მიუღებელია გაბრაზება იმ რუსეთისა, რომელიც ჩვენი მშპ-ს 22% -ის ეკონომიკური ექვივალენტია, მაგრამ სრულიად მისაღებია გაბრაზება იმ დასავლეთისა, რომელიც ჯამურად წარმოადგენს ჩვენი მშპ-ს 40%-ის ეკონომიკურ ექვივალენტს. ეს გამორჩეულად ირაციონალური აზროვნებაა იმ ადამიანისთვის, რომელიც თავს წარმატებულ ლიდერად და დიდებულ შორსმჭვრეტელად მიიჩნევს.
თქვენ შესაძლოა უარი თქვით დასავლეთზე და რუსეთს შესთავაზეთ საქართველო, გაცდუნათ რა რუსულმა დაპირებებმა, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგიბრუნებდათ, თავად კი ეროვნულ გმირად გაქცევდათ, ეს კი ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის გარანტია იქნებოდა.
თუ მართლა დაიჯერეთ რუსული დაპირებები, თქვენ ყოფილხართ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გულუბრყვილო პოლიტიკოსი; მაგრამ, თუ თქვენ, ყველანაირი დაპირებების გარეშე, ქვეყანას რუსეთისკენ შეუცვალეთ კურსი, რათა ხელისუფლებაში დარჩენილიყავით, თქვენ ყოფილხართ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კრიმინალური პოლიტიკოსი ქართველი ხალხის ოცნებების, იმედებისა და მისწრაფებების ჩაკვლისა და დიდი ხნით ქვეყნის რუსეთის ვასალად გადაქცევის გამო.
ეს იქნებოდა უპატიებელი ღალატი, არამხოლოდ ქართველი ხალხისა და მათი დასავლური მისწრაფებების მიმართ, არამედ ყველა იმ თავისუფალი კაცისა და ქალის ხსოვნის მიმართ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაიღუპა, განსაკუთრებით კი იმ ურიცხვი კაცისა და ქალის, ჯარისკაცისა თუ სამოქალაქოს ხსოვნის მიმართ, რომლებიც რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა მოკლეს ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე.
თქვენ თავად საბჭოთა კავშირის პროდუქტი ხართ, სხვებზე უკეთ უნდა იცოდეთ, რომ რუსეთს არც მეგობრები და არც მოკავშირეები არ ჰყავს, რუსეთს მხოლოდ აგენტები და მსახურები ჰყავს; არ მჯერა, რომ რომელიმე ამაყ და თავმოყვარე ქართველს სურს რომელიმე ქვეყნის აგენტობა ან მსახურება განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის აგენტობასა და მსახურებას ეხება.
თქვენი პარტიის ლიდერები ყველას, ვინც თქვენს მოღალატეობრივ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, აგენტობასა და უსამშობლოობას სწამებენ; ეს არის კომპულსიური ნარცისების სახელმძღვანელო, როდესაც საკუთარ მანკიერებებს სხვებს სწამებენ.
საქართველოში აგენტები მხოლოდ ისინი არიან, ვინც საკუთარი თავი და ქვეყანა პირადი კეთილდღეობისათვის მტერს მიჰყიდა და რომლებმაც ხალხის ევროპული ოცნება, თავისუფლება და მომავალი გაყიდა რუსეთის ვასალობაზე.
ერთადერთი უსამშობლო ხალხი ისაა, ვინც ქვეყნის სადღეგრძელოს სვამს, მეორე დღესვე კი მტერს მიჰყიდის ქვეყანას და აგრეთვე ისინიც, ვინც თავიანთ კალამს, სიტყვებს, გაზეთებსა და ტელეარხებს მტერთან კოლაბორაციის გასაძლიერებლად ყიდის და ისინიც, ვინც ღალატობენ ხსოვნას იმ ათასობით ქართველი გმირისა, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა და ყველაზე მეტად, უსამშობლოებს შორის ისინი არიან უსამშობლონი, ვინც საკუთარ ღირსებას, სინდისსა და ქართველების მომავალს 30 ვერცხლად ყიდის.
ბ-ნ ივანიშვილო, თქვენ და თქვენს მხლებლებს ძალიან მკაცრად განგსჯით ქართველი ხალხი და ისტორია".