ერთადერთი გზა ამ ვითარებიდან გამოსვლის, რომელიც ჩვენს ერს აქვს, დამპყრობელი ხელისუფლების დამხობაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ივანიშვილი სასტიკად დაემხოს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების დამხობა კანონიერი მოქმედებაა და ამის ამკრძალავი მუხლი კანონში არ არსებობს. 

"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არის მუხლი, რომელიც სჯის ხელისუფლების დამხობას. მე რომ ხვალ ავდგე და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ხელისუფლება დავამხო, ზეგ მე ბრალს ვერ წამიყენებენ, იმიტომ, რომ რაც სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული არაა, ის ყველაფერი დაშვებულია, შესაბამისად, მე ვამბობ - ერთადერთი გზა ამ ვითარებიდან გამოსვლის, რომელიც ჩვენს ერს აქვს ფაქტობრივი ხელისუფლების დამხობა, ეს არის ერთადერთი, სამართლიანი გზაა, ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველომ შეიძლება ღირსება აღიდგინოს.

დიქტატორის დამხობა არაა დანაშაული, ეს არის უფლება, ისეთ ვითარებაში, როგორშიც ვიმყოფებით, ეს ვალდებულებაა. დავამხობთ ივანიშვილსაც და მის საცეცებსაც, ყველა სასტიკად აგებს პასუხს ხალხის წინაშე.

მე პირადად, რა ბრალიც მაქვს წაყენებული და რაც მიწერია, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი მოქალაქის კანონიერი უფლებაა და ვალდებულებაა, გავაკეთო, რომ ივანიშვილის თამადობით, ეს ფორმალური მთავრობა დაემხოს და ყველამ სასტიკად აგოს პასუხი", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.