ვინც ამ მითითებებს იძლევა, იმ ადამიანს მიაჩნია, რომ ხელსაყრელია ამ პროცესების დაჩქარება, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო საზიანოა, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოც და პროკურატურაც ბიძინა ივანიშვილის მითითებებს ასრულებს.

"პროკურატურა ასრულებს მითითებებს, რომელიც მათ მიიღეთ და იცით, რომ ამას ერთი ადამიანი გასცემს. მათ ასეთი მითითება აქვთ, რომ დააჩქარონ და სასამართლოც ზედმიწევნით ასრულებს, რასაც პროკურატურა ეუბნებათ.

ვინც ამ მითითებებს იძლევა, იმ ადამიანს მიაჩნია, რომ ხელსაყრელია ამ პროცესების დაჩქარება, მაგრამ, მე ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო საზიანოა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა. გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.