აქციების დროს დაკავებულმა ირაკლი მიმინოშვილმა სასამართლო სხდომაზე შეყვარებულს ხელი თხოვა.

"მოკითხვები ყველას, პირველ რიგში ჩემ ოჯახს. მინდა იცოდეთ, მე კარგად ვარ, მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გამო გამოდიან გარეთ და ერთი დღეც არ ჩაუგდიათ. ამ განვლილი 3 თვის მანძილზე მიფიქრია ადამიანების ფასეულობებზე და იმაზე, რომ ჩემ გარშემო როგორი ადამიანები მყავს, მივხვდი, რომ საუკეთესო ხალხია, ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს, რადგან სულ გვერდში მიდგანან. დედა მიყვარხარ, ლიზა მიყვარხარ, ნინი, ცოლად გამომყვები?" - მიმართა მიმინოშვილმა შეყვარებულს და პასუხად თანხმობა მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული 8 აქტივისტის წინასასამართლო პროცესი დასრულდა, შემდეგი პროცესი კი 24 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობა ედებათ ბრალად, რაც  თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.