საქართველოს ახლა ბოლო შანსი აქვს, თავიდან აიცილოს ბელარუსიზაცია - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.

ლიეტუველმა პოლიტიკოსმა მოახლოებული არჩევნების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ივანიშვილის რეჟიმი ლუკაშენკოს მმართველობას  შეადარა.

"3-4 წლის წინ, როდესაც საქართველოში ვიყავი, მაშინ უკვე დავინახე ბელარუსის მსგავსი ტენდენციები. ეს დადასტურდა რუსული კანონით და ბევრი რამით, რასაც მე ვისმენ ქართველი მეგობრებისგან. ასე ჩანს, რომ ამ კანონით ბიძინა "ქართულ კოშმარს" იოლი გზით გაუძღვება - დახურავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და დაუწყებს დევნას ყველა პოლიტიკოსს, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს. სწორედ ამისთვის სჭირდებათ ეს რუსული კანონი, რათა შემდეგ არჩევნები გადააქციონ ისეთ პროცესად, როგორც ამას ლუკაშენკო აკეთებს ბოლო 30 წელია. ამ დროის დაკარგვით საქართველო კარგავს ევროინტეგრაციის ყველა შანსს, რადგან თქვენ იცით, რომ ვაშინგტონში მიღებულ ნატოს კომუნიკეში საქართველო ნახსენები არ არის. სამწუხაროა, რომ "ქართულ ოცნებას" იქ არ ჰყავდა არც ერთი მეგობარი, რომელიც ამ კომუნიკეში საქართველოს შეტანას მხარს დაუჭერდა. იგივე ხდება ევროკავშირშიც, სადაც მოლაპარაკებები უკვე იწყება უკრაინასთან და მოლდოვასთან, საქართველო კი ქრება ამ პროცესიდან.

"ქართული ოცნება" იყენებს კომუნისტურ და ორუელისეულ მეთოდებს, როდესაც სიმართლეს უწოდებს ტყუილს და პირიქით. მე ეს ლიეტუვაშიც მახსოვს. ომი დაიწყო რუსეთმა და რუსეთს მხარს უჭერს ჩინეთი. თუ ნატოს კომუნიკეს წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ეს იქაც წერია. თუ "ქართული კოშმარი" არ თვლის ასე, მაშინ ამის ალტერნატივა არის რუსეთის ინტერესების გაზიარება, ლავროვისა და პუტინის აზრების გამეორება, რომ ნატო ომის პარტიაა. მაგრამ ნატო 75 წელია რაც მშვიდობას იცავს და აქ, ჩემს უკან თქვენ ხედავთ ლიეტუვას, რომელმაც კეთილდღეობა სწორედ ევროკავშირისა და ნატოს წყალობით მოიპოვა. სტატისტიკით, ჩვენი ახალგაზრდები ყველაზე ბედნიერები არიან მსოფლიოში. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთი მდიდრები და ბედნიერები. ასევე ვართ უსაფრთხოდ და ამას უზრუნველყოფს ნატო და ევროკავშირი", - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

მისი თქმით, არჩევნების პერიოდში ის საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, თუმცა აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ევროპელი მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით იქნებიან.

"მე ვერ ჩამოვალ, იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს არჩევნები და როგორც ჩანს, მეორე ტურიც იქნება. თუმცა, თუ ბიძინამ გადაწყვიტა არჩევნების მოპარვა, ნუ ინერვიულებთ, მე ჩამოვალ აუცილებლად და სხვა მეგობრებიც ჩამოვლენ. ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისთვის არის, რომ ეს არის თქვენი უკანასკნელი ბრძოლა. მე ვხედავ, როგორ იბრძვის ბელარუსი ხალხი თავისუფლებისთვის ბოლო 30 წელია, ვნახე იგივე ტენდენციები, იგივე რუსული მეთოდები და ვთვლი, რომ ეს არჩევნები საქართველოში შესაძლოა უკანასკნელი იყოს. ბაიდენის სიტყვები რომ გავიმეორო. დიქტატორები და მეფეები არ იგებენ, ხალხი იგებს. ამიტომ, თუ ქართველ ხალხს სურს მშვიდობა ევროატლანტიკურ ოჯახში, მაშინ თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენი პოლიტიკური მიზნები", - განაცხადა პავილიონისმა.