ჩემს მეუღლეს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა, ჩასვეს მანქანაში, აუხვიეს თვალები და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გატაცება უტა ივანიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს არ ეხება და ეს მისი დაშინების მცდელობაა.

"სადაც ჩვენ ჩვენს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ვცხოვრობთ, ღამით კოტეს ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს მანქანაში, აუხვიეს თვალები და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ მისი გატაცების ზუსტი ადგილი, რადგან ის იყო თვალახვეული, თუმცა ტრაექტორიიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და შემდეგ იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში. ადგილზე მიყვანის შემდეგ, გამტაცებლები 8 საათი ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მისი ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის ჩვენი 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ორ-წლინახევრის ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას. მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით.

მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ ტელეფონთან წვდომის უფლებას.

ყველას პირადი ცხოვრება პირადია, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან სამ დღეშივე მოიხადა ბოდიში, კოტეს გუშინდელი გატაცების რეალური მიზეზი არაა და ესაა საბაბი, რეალური მიზეზი კი არის ჩემი დაშინება და გაჩუმება. ახლა მინდა გარკვევით ვთქვა - ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის ყველა წევრის, კოტეს გამტაცებლების და დამკვეთების, მათ შორის გელა გელაძის გასაგონად - არ მეშინია, არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი, მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის.

რეჟიმმა ჩათვალა, რომ ვერ მიჭერენ და ამიტომ გადაწყვიტეს ჩემზე განახორციელონ ზეწოლა ჩემი ოჯახით, მაგრამ არ მეშინია და ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს. 

აქვე ვიტყვი - მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილთან ვითომ შერკინება. ესაა თავის და ხალხის მოტყუება. ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილთან გარიგების შედეგი და ვიმედოვნებ,  ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები ივანიშვილთან ასეთ გარიგებაში არ შევლენ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კოტე იოსელიანმა გუშინ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის შვილს უტა ივანიშვილის რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.