ეს განაჩენები არ არის ჩვენი თავისუფლების აღკვეთა, ეს არის ქართული ოცნების დასასრულის მაჩვენებელი - ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი განაჩენის გამოტანას.

"ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილს, მის ოჯახს და მის არაჩვეულებრივ ბიჭებს!

მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს განაჩენების სიმკაცრე, მისჯილი წლების სიმრავლე, პირველ რიგში, მიუთითებს რეჟიმის შიშზე, რეჟიმის სიმწვავეზე და რეჟიმის სიმხდალეზე. ამიტომ, ეს განაჩენები არ არის ჩვენი თავისუფლების აღკვეთა, ეს არის "ქართული ოცნების" დასასრულის მაჩვენებელი. ეს ალეკომაც იცის და ჩვენც, ვინც კიდევ ველოდებით ახალ განაჩენებს. თუმცა, ხალხის გატეხვა შეუძლებელია, ამ კედელს უკვე არაერთხელ შეეჯახა ბიძინა ივანიშვილი. ბოლომდე!", - წერს ელენე ხოშტარია.

"ძლიერი საქართველოს" წევრს ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.