"საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია აცხადებს, რომ შსს-ს მაღალჩინოსან იოსებ სიგუას, რომელსაც ცოლი ძალადობაში ამხელს, ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს.

ბაია პატარაიას ცნობით, ცოლის მიერ გამოძახებულმა საპატრულო ეკიპაჟმა სიგუასთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შსს-ს მაღალჩინოსანს სამაჯურის დასამაგრებლად თავდაპირველად ვერ პოულოდნენ.

იოსებ სიგუას მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია ტვ პირველმა, "შაბათის ეთერით" გაავრცელა. ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლი სოფია სიგუა-შატბერავა ამბობდა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანმა ქმარმა მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით, "მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმით და დამარხვით" ემუქრებოდა.

ცოლის მიერ ძალადობაში მხილებიდან რამდენიმე დღეში იოსებ სიგუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.