საქართველო უკვე ბევრი კუთხით ჩამორჩება იმ რეკომენდაციებს, რაც მას უნდა შეესრულებინა და დამძიმებულია ვითარება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

"ეს დოკუმენტი გახდება საფუძველი საქართველოსთან მიმართებაში ახალი რეგულაციის, რომელიც აუცილებლად ამუშავდება უკვე მომავალი წლიდან. ამ ანგარიშშივე არის ნახსენები უვიზო მიმოსვლის საკითხი, რომელსაც ცალკე ანგარიში მიეძღვნება.

საქართველო უკვე ბევრი კუთხით ჩამორჩება იმ რეკომენდაციებს, რაც მას უნდა შეესრულებინა და დამძიმებულია ვითარება, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ დადგება ევროკავშირის ახალი რეგულაციის ამუშავების საკითხი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ცხადია, შეეხება "ქართული ოცნების" და რეპრესიული მანქანის წარმომადგენლებს", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დასკვნებს აქვეყნებს.

"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი. საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში, მათ შორისაა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება, სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ოპოზიციის ლიდერების დევნა, საპროტესტო აქციებში მონაწილეების და ჟურნალისტების უსაფუძვლო დაპატიმრებები და სამოქალაქო სივრცის შევიწროება;

საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს უკუსვლას ცხრა ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებაში, რომელთა შესრულების გათვალისწინებით ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა, ვიდრე ხელისუფლება გამოავლენს მტკიცე ერთგულებას კურსის შეცვლის მიმართ და ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაუბრუნდება", - აღნიშნულია დოკუმენტში.