დეკლარაციების შესწავლის შემდგომ მაღალი ალბათობით, კვლავ ბევრი საეჭვო დეტალი აღმოჩნდება თანამდებობის პირების ქონებაში, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხშირად თანამდებობის პირები ქონებას მალავენ.

"კარგად ვიცით, რომ ხშირად ისინი მალავენ ქონებას, მალავენ საკუთარ ნათესავებზე, მეგობრებზე, არ აჩენენ დეკლარაციებში, თუმცა მინიმალური ინფორმაციის გამოჩენაც კი მათ უქმნიდათ ძალიან სერიოზულ დისკომფორტს, როგორც ჩანს და სწორედ ამიტომ, 6 თვე გაუმჭვირვალე და სრულიად დაფარული იყო თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობა.

ახლა, როდესაც პრემიერმა თითქოს გადაწყვიტა, რომ ამ საკითხში ჩარეულიყო, დაიწყო დეკლარაციების გამოქვეყნება, რა თქმა უნდა, დეკლარაციების შესწავლის შემდგომ მაღალი ალბათობით, კვლავ ბევრი საეჭვო დეტალი აღმოჩნდება თანამდებობის პირების ქონებაში", - განაცხადა ირაკლი აბესაძე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქონებრივი დეკლარაციები სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს, რის შემდეგაც ანტიკორუფციული ბიუროს გვერდზე თანამდებობის პირების დეკლარაციები აისახა.