იმ ფონზე, როცა მათე დევიძეს ჩვენ მიერ ორგანიზებულ აქციაზე იჭერენ, ჩემი, ნიკას, ზურას და სხვების ციხეში არჯდომა, მე მგონი, უკვე უხერხულობად იქცა ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალინდელ პროცესზე ის არ იქნება.

"ამ ფონზე ჩემი, ნიკას, ზურას და სხვების ციხეში არ ჯდომა მგონი უკვე უხერხულობად იქცა ამ ქვეყანაში. ისეთი ვითარებაა, რომ ვინც გარეთ არის, ისინი უხერხულად ვგრძნობთ თავს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებით მათეს დღევანდელი დაკავების ფონზე, ხვალ ჩემი არდაკავება უმძიმესი რამე იქნება ჩემთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება სინამდვილეში - ეს ნახევრად ხუმრობით გითხარით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მეც და ყველა დანარჩენსაც გაგვაძლიერებს... დიდ მნიშვნელობას მე არ ვანიჭებ დღეს ღამე დამიჭერენ თუ ხვალ შუა დღეს - არავითარი მნიშვნელობა ამას არ აქვს.

მე ამისთვის ვიბრძვი, რომ ბედნიერები ვიყოთ მათეს წინამძღოლობით, ჩემი სანდროს წინამძღოლობით და ჩემს შვილებსა და ცოლს არ ჰქონდეთ შემგუებლობა იმასთან, რომ მამა თუ მეუღლე ხვალ მიდის ციხეში და დღეს უგროვებენ ტანსაცმელს, რომელსაც ზონრები არ აქვს, იმიტომ რომ არ შეიძლება ციხეში ამგვარი ტანსაცმლით შესვლა, ფეხსაცმელს, რომელსაც ზონარი არ აქვს, იმიტომ რომ არ შეიძლება ამგვარი ფეხსაცმლით შესვლა. არ მინდა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ოჯახებმა იცოდნენ, როგორი ტანსაცმლით შედიან მათი ნათესავები, მეგობრები, ოჯახის წევრები ციხეში და არ აგროვებდნენ წელიწადში ერთხელ ამგვარ ტანსაცმელს, იმიტომ რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ - რუსული, ბელორუსული.

მე პროცესზე არ ვიქნები, ამიტომ მე იქ არაფერს არ ვიტყვი. ისეთ ადგილზე ვიქნები, სადაც ყველაზე უფრო შესაბამისი იქნება დროც და კონტექსტიც ამისთვის. ჩემი მთავარი სათქმელია - თავისუფლება საქართველოს, საქართველო არის ევროპა, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ძირს ოლიგარქია, ოლიგარქია უნდა დაემხოს. ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი.

მგონია, რომ დღეს ნიკა გვარამია და ყველანი, ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ერთსა და იმავე რაიმეს ვამბობთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას პროცესი 13 ივნისს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.