ალიანსში მიმდინარე შიდა "ჩხუბებზე“ სრულიად მიზანმიმართულად ვდუმდი. იმედს ვიტოვებ, პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი და ჩემი მხრივ, მზაობას ვაცხადებ არაერთ დისკომფორტულ წევრთან თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს. 

მისივე თქმით, ამ დროის მანძილზე საზოგადოებამ ბევრი სასირცხვილო რამ იხილა.

"ალიანსში მიმდინარე შიდა „ჩხუბებზე“ (ასე დავარქმევ იმ პროცესს) სრულიად მიზანმიმართულად ვდუმდი. ვდუმდი მაშინაც, როცა ჩემი პარტია იყო თავდასხმის ობიექტი. ვერ დაგიმალავთ და სირცხვილითაც ვიწვოდი, თუ რა გარჩევებს ვაკადრებდით საზოგადოებას.

ახლა, როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზეა, მათ შორის ფიზიკური ზიანით, აწ უკვე სისხლის სამართლის გამოძიებით, ძალიან მნიშვნელოვანი მხილების მასალით, უამრავი ფასეული ადამიანის წარმოჩენით და უკიდურესად შეზღუდული რესურსით, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო მსგავსი თავდასხმების მიმართ.

ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში და ყალბ ერთობად მისი შეფასება საერთო ამოცანების ვერ გააზრებად მიმაჩნია. იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი და ჩემი მხრივ, მზაობას ვაცხადებ არაერთ დისკომფორტულ წევრთან თანამშრომლობაზე“, - წერს ელენე ხოშტარია.