გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა  განაცხადა.

მისივე თქმით, მედიის თავისუფლების კოალიციის მრავალი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით.

"გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი, რომელიც იცავს დამოუკიდებელი  ჟურნალისტების უფლებებს გლობალურად. კოალიციის მრავალი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით, მათ შორის, ხელისუფლების კრიტიკის გამო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესით.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა, ბევრი ევროპელი პარტნიორის მსგავსად, ჟურნალისტების დაკავებას, თვითნებურ დაპატიმრებასა და სხვა კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს. ამიტომ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან“, - განაცხადა გარეტ უორდმა.