გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია დღეს არის საგანგაშო. მიუღებელია, რომ ციხეში დაცული არ იყოს ის ელემენტარული ფორმები, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ყველა მხრივ სრული განუკითხაობა სუფევს.

"ქვეყანაში ყველა მხრივ სრული განუკითხაობა სუფევს. დღეს, ამას ემატება ის, რაც გავიგეთ, თუ რა პირობებია ციხეში შექმნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ რეჟიმის მსხვერპლები არიან. გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია დღეს არის საგანგაშო. მიუღებელია, რომ ციხეში დაცული არ იყოს ის ელემენტარული ფორმები, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება. 

ზღვარგადასულია ის, რაც ხდება, თუ როგორ უსწორდებიან თვით საკანში ადამიანს, რომელიც იქ იხდის სასჯელს და მერე, როგორ გადაჰყავთ კლინიკაში, როცა უნდათ, როგორც უნდათ, გაუფრთხილებლად, ისე, რომ არანაირი ახსნა-განმარტება ან საჯაროობა ამის მიმართ არ არსებობს. ეს არის დარღვევა ყველა ადამიანის უფლებების. არ ვიცი, სად არის სახალხო დამცველი, რამდენად მოახდინა რეაგირება ამ ყველაფერზე.

ყველას მინდა გავახსენო ის ფაქტი, რომ სწორედ ამ უსასტიკესი მოქმედებებისა და ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ბოლომდე იქნება მათზე, ვინც არა მხოლოდ ბრძანებებს იძლევა, არამედ ასევე, მათი, ვინც განუკითხავად ასრულებს მათ და მზად არის უსასტიკეს ქცევაში მიიღოს მონაწილეობა. ეს არ არის საქართველო, ეს არ არის ქართული ტრადიციები, ეს არ არის ის სამართალი, რომელსაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვაშენებდით და რომელსაც მივყვებოდით. ეს არის სხვა რეჟიმი, სხვა ქვეყანა, ამას არ შევეგუებით არცერთ წუთს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მას ციხეში უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.