ღარიბაშვილი სწორედ იმან იმსხვერპლა, რომ მდინარაძე-კობახიძის ჯგუფი ბიძინა ივანიშვილთან მუდმივ და უწყვეტ დისკრედიტაციას უწევდა, მას  მილიონი ღალატი და უბედურება დააბრალეს, - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილს, მეტი დეტალი და ინფორმაცია გაასაჯაროოს.

"ღარიბაშვილი სწორედ იმან იმსხვერპლა, რომ მდინარაძე-კობახიძის ჯგუფი ბიძინა ივანიშვილთან მუდმივ და უწყვეტ დისკრედიტაციას უწევდა ღარიბაშვილს, მას  მილიონი ღალატი და უბედურება დააბრალეს. მე დღეს მაქვს განცდა, რომ ივანიშვილი გადამოწმების პროცესშია. ახლა რაც არ უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, ეს ამ შემთხვევაში საინტერესო არ არის.

დღევანდელ წერილს რაც შეეხება, მეჩვენება, რომ პოლიტიკური აქტივობის კუთხით საინტერესოა, იმიტომ, რომ ეს უკვე პოლიტიკური წერილია, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ამბობს - არ ვაპირებ დანებებას  და არ ვაპირებ წამოგყვეთ იმ მოთხოვნაში, რომ არ ვიყო აქტიური პოლიტიკურად. მე  გაგრძელებას ველოდები, ბევრი რამ არის მოსაყოლი, მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხალხმა იცოდეს რეალობა.

ირაკლიმ ეს მოწოდება მინდა მიიღოს ჩემგან, რომ გააგრძელოს ეს გზა და პოლიტიკური აქტივობა. იმედი მაქვს, რომ ღარიბაშვილი ფაქტებს კიდევ მოიტანს, სხვადასხვა ფაქტებზე ისაუბრებს და ეს იქნება მამხილებელი", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლების ცრუ და ბინძური პროპაგანდა სასაცილო და უსუსური მეთოდებით აგრძელებს მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას, რაც მხოლოდ შიშით არის ნაკარნახევი.