ამ მომენტში ოპოზიციის ალიანსი არაფუნქციურია და მე ვერ მოვიტყუები, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლის ერთიანი სტრატეგიის შეთანხმების გარეშე ალტერნატივა ვერ შედგება.

"ამ მომენტში ოპოზიციის ალიანსი არაფუნქციურია და მე ვერ გეტყვით, რომ ფუნქციურია. აუცილებლად იქნება ნაპოვნი გზა, თუ როგორ უნდა შევასრულოთ ის გზები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

ბრძოლის ერთიანი სტრატეგიის შეთანხმების გარეშე ალტერნატივა ვერ შედგება. ალიანსის შინაარსი ისაა, რომ არსებობს - აქცია, სანქცია, ალტერნატივა, რაც არის მოკლე ჯამი იმისა, თუ როგორ უყურებენ ალიანსში შემავალი პოლიტიკური პარტიები, ან როგორ უყურებდნენ ალიანსის შექმნის მომენტში გამარჯვების გზას და სტრატეგიას. მე პირადად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ სტრატეგიის სისწორეში, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს რეჟიმი უნდა მოიგუდოს, რომ ეს რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს, მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს რეჟიმი თუ არ ჩამოიშალა, ჩვენ ისე ვერ მივიღებთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ვერც პოლიტიკურ პატიმრებს გამოვიყვანთ გარეთ.

არსებობს გარკვეული სუბიექტური ფაქტორები, რომელიც ყოველ ჯერზე - ხან არჩევნების წინ, ან არასაარჩევნო პერიოდში ხელს უშლის ერთიანობას, ეს არსებობს და ამას ვერ გავექცევით, უბრალოდ, საბოლოო ჯამში, სხვა სტრატეგია გამარჯვებისა, გარდა იმისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ფიზიკურად არ არსებობს და რაც უფრო მალე გაიაზრებს პოლიტიკური კლასი ამ მოცემულობას, მით უკეთესი იქნება ეს ჩვენთვის და ამ ქვეყნისთვის", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.