ამ 28-პუნქტიან გეგმაში ჩადებული დებულება ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ უკრაინა უფრო დაუცველი იყოს, ვიდრე აქამდე, -  ამის შესახებ "რონდელის ფონდის" უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის სამშვიდობო გეგმის დოკუმენტი ასახავს რუსეთის სურვილებს.

"საწყისად აღება იმ დოკუმენტის, რომელმაც გამოჟონა, ძალიან ცუდის მანიშნებელია. ეს დოკუმენტი ასახავდა რუსეთის სურვილებს და სრულიად შეურაცხყმოფელ და აბსურდულ დებულებებს, მაგალითად, როგორიც არის არა მარტო უკრაინის მიერ იმ ტერიტორიების დათმობა, რომელიც რუსეთმა ვერ დაიპყრო იარაღის ძალით, მაგალითად, დონბასში, არამედ უკრაინისთვის შეიარაღებული ძალების შეზღუდვას, პრაქტიკულად მის დესუვერენიზაციას. 

ის 28-პუნქტიანი გეგმა სრულიად მიუღებელია ორი მთავარი მიზეზის გამო - ერთი იმიტომ, რომ აბსოლუტურად აღვირახსნილად უსამართლო და ცალმხრივად პრორუსულია და მეორე - ის უზარმაზარი ფასი, რომ ზელენსკიმ თავზე ხელი აიღოს და ამ გეგმას დათანხმდეს, ეს უზარმაზარი ფასი არ იძლევა არანაირ გარანტიას, რომ რუსეთი როდესაც შესაძლებლად ჩათვლის, საკმაოდ მალე, ახლიდან მთელი უკრაინის მიტაცებას არ ეცდება იმიტომ, რომ ამ 28-პუნქტიან გეგმაში ჩადებული დებულება ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ უკრაინა უფრო დაუცველი იყოს, ვიდრე აქამდე", - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

20 ნოემბერს აშშ-მა უკრაინისთვის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინა დონბასიდან უნდა გავიდეს, შეამციროს სამხედრო ძალები, უარი თქვას შორი მოქმედების იარაღზე და სხვა.

23 ნოემბერს აშშ-ის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა ჟენევაში სამშვიდობო გეგმა განიხილეს.

მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა მოამზადეს განახლებული და შესწორებული ჩარჩო დოკუმენტი მშვიდობისთვის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემით სავსე, რაც ხაზს უსვამდა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას. ასევე ორივე მხარე თანხმდება, რომ კონსულტაციები ძალიან პროდუქტიული იყო.