"ნაციონალური მოძრაობა" 30 ივლისს, 15:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს.

"ხვალ პოლიტიკური საბჭოს სხდომაა. პარტიის ყრილობა პირველად შედგება ხალხის მიერ უშუალოდ შემოწირული ფულით. პარტია, ძირითადად, ამით კი არსებობდა, მაგრამ ახლა საუბარია იმაზე, რომ ზოგმა 5 და 10 ლარი გადმოგვირიცხა და ეს ძალიან დიდ ენთუზიაზმს გვმატებს, ეს უდიდესი რამაა და ისაა, საითკენაც მიდის მიშას ინიციატივა, რომ სწორედ ხალხისგან იყოს დაფინანსებული პარტია", - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ.

სხდომაზე ყრილობის თარიღი განისაზღვრება, ყრილობაზე კი პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. 

როგორც უკვე ცნობილია, დღის წესრიგში იქნება ყრილობის გამართვის საკითხი და დელეგატების მოწვევის წესი. 

პარტიის თავმჯდომარეს, ისევე როგორც მის წევრებს და სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფ პირებს, უფლებამოსილების ორწლიანი ვადა, პარტიის წესდებით, მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა.