ოპოზიციის ალიანსს სწორედ ეს გზავნილი აქვს ხალხისთვის, რომ დიახ, შეიძლება შეღავათი გქონდეთ, მაგრამ ამ ბოროტების მანქანის მმართველები არ გიკეთებენ ამ შეღავათს, - ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის" წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ ალიანსის პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს კონკრეტული ოპოზიციის ალიანსის გეგმა, რითაც შესაძლებელია ფასების დაბალანსება.

"მთავარი კითხვა, ალბათ, არის შეიძლება თუ არა კატასტროფულად გაზრდილი ფასების პირობებში მყისიერად გადაიდგას ნაბიჯი იმისთვის, რომ კონკრეტული შეღავათი მიიღოს საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქემ და დიახ, ეს შესაძლებელია. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული და მყისიერი ნაბიჯები, რასაც გავაკეთებდით ჩვენ - აქციზის გადასახადის საწვავზე მინიმუმ, განახევრება, დღგ-ს 1%-ით შემცირება და საშემოსავლო გადასახადის 1%-ით შემცირება. ეს ნიშნავს 1 600 მილიონის დატოვებას ადამიანების ჯიბეში. თუ პოლიტიკური ნება ექნებოდა ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებას, ამას აუცილებლად გააკეთებდა ისე, როგორც ამას აკეთებენ სხვა ქვეყნები. ჩვენთან, სამწუხაროდ, კიდევ უფრო ზრდიან ჯარიმებს, გვიძვირებენ ცხოვრებას და ა.შ.

რამ გამოიწვია ეს ყველაფერი - ეს თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნების" და ამ დანაშაულებრივი ჯგუფის პასუხისმგებლობაა, მათ შორისაა კორუფცია.

ოპოზიციის ალიანსს სწორედ ეს გზავნილი აქვს ხალხისთვის, რომ დიახ, შეიძლება შეღავათი გქონდეთ, მაგრამ ამ ბოროტების მანქანის მმართველები არ გიკეთებენ ამ შეღავათს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.