არსებობს ივანიშვილი თავისი ბანდიტებით, ფულით და რუსული მხარდაჭერით და აქეთ მხარეს ვართ ჩვენ, ჩვენი გაუყიდაობით, ხალხურობით და წარმატებული საქართველოს იდეით და კონკრეტული გამოცდილებით, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ახალი „პოლიტიკოსების“ გამოჩეკის წესი ოლიგარქის დიქტატურაში;

ნაბიჯი პირველი – გამოაცხადე, რომ ხარ ახალი სახე, რომელსაც დიდი ხანია, ელის ძველი სახეებით დაღლილი ხალხი. იქვე ერთ პლანზე დააყენე „ნაცები“ და „ქოცები“ და ხაზი გაუსვი, რომ „მიშა წარსულია“.

ნაბიჯი მეორე – იპოვე ფულის წყარო, რომელიც, როგორც წესი, ივანიშვილის რომელიმე სატელიტია და ფულს იძლევა დიქტატორის დავალებით.

ნაბიჯი მესამე – იყიდე ფულით საეთერო დრო ოპოზიციურ არხებზე, რომლებსაც უჭირთ და იძულებულები არიან, გაყიდონ ეს დრო და ისინიც ბევრად უფრო ვრცლად დაგითმობენ ეთერს, ვიდრე ვიღაც სააკაშვილს ან ხაბეიშვილს ან ჯაფარიძეს. იქირავე სოლიდური მოლაპარაკე თავები, რომლებიც ვრცლად შეაქებენ შენს პარტიას როგორც „ერთადერთ გადამრჩენელს“.

ნაბიჯი მეოთხე – გამოაცხადე, რომ გადიხარ ჩვეულებრივ ხალხში მათი პრობლემების შესასწავლად და ყოველ წუთს ჩაერთე რეგიონებიდან ისეთი სახით, გეგონება ამერიკა აღმოაჩინე შენი ხალხთან კონტაქტისას.

ნაბიჯი მეხუთე – მოუწოდე ერთობისკენ და შედი შენს მსგავს ბიზნესპროექტებთან ერთად „ოპოზიციურ“ გაერთიანებაში.

და ბოლოს – გააკეთე ის, რისთვისაც ყველა წინა ნაბიჯი გადადგი – დაგმე არჩევნების ბოიკოტი, „შეერკინე“ ოცნებას და მეტი ლეგიტიმურობა „არჩევნების“ ფარსს.

აი ამ ცირკს გვითამაშებენ მუდმივად თვალწინ. კარგი ამბავი კი ისაა, რომ ამ ყველაფერს ხალხი აღარ ეგება. ითმენს ამ თამაშს, როგორც ბევრ სხვა რამეს ითმენს უკვე მემკვიდრეობით დიქტატურაში გადაქცეულ რეჟიმში, მაგრამ ეს ოლიგარქის კოლბაში ჩამოსხმული „ახალ-ახალი სახეები“ ვერანაირ მოჭიდებას ვერ პოულობენ და ვერც იპოვიან.

საერთოდ ივანიშვილის თამაში თავიდანვე იყო ძალიან მარტივი, ნაცმოძრაობის გახლეჩა და დასუსტება ცალკეული ფიგურების ამბიციების წახალისებით და შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით და მაინც ყოფილ ნაციონალებსაც არ ენდობა, ამიტომ ახდენს პარალელური ბიზნეს-პოლიტ პარტიების შექმნას, ახალი „ოპოზიციის“ შექმნა ივანიშვილმა თავიდანვე დააანონსა.

წლები წავლენ და წამოვლენ და ქვიშები დარჩებიან და სინამდვილე რჩება ერთი და იგივე, არსებობს ივანიშვილი თავისი ბანდიტებით, ფულით და რუსული მხარდაჭერით და აქეთ მხარეს ვართ ჩვენ, ჩვენი გაუყიდაობით, ხალხურობით და წარმატებული საქართველოს იდეით და კონკრეტული გამოცდილებით. საბოლოო ჯამში იდეა ყოველთვის ამარცხებს ფულით შეიარაღებულ ბოროტებას, ოღონდ ჩვენ ეს სამართლიანად ძალიან გვეჩქარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ცვლილებები კარს არის მომდგარი“,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.