8 ადამიანს იჭერენ ორი წინადადებით და ორივე წინადადება არის ტყუილი, რომ თითქოს ეს 8 ადამიანი სხვებთან ერთად ცდილობდა გზის ბლოკირებას, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ დღესვე მიმართოს სასამართლოს პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების საკითხზე.

"ჩაგვბარდა ბრალის დადგენილება. 8 ადამიანს იჭერენ 2 წინადადებით და ორივე წინადადება არის ტყუილი, რომ თითქოს ეს 8 ადამიანი სხვებთან ერთად ცდილობდა გზის ბლოკირებას, გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე და პოლიციის ძალისხმევის შედეგად გათავისუფლდა გზის სავალი ნაწილი. ყველა ტელევიზიის ეთერში მაყურებელი უყურებდა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. როცა ასეთი ტყუილი გინდა აქციო 8 ადამიანის დაჭერის საფუძვლად ვეღარ ახერხებ რომ ბრალის დადგენილებას რაიმე სამართლებრივი ფორმა და შინაარსი მისცე, საბოლოო ჯამში, გრჩება 2 წინადადება, ორივე ტყუილი და ფორმალობისთვის შედგენილი. 

ახლა აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროკურორი მიმართავს სასამართლოს - ველოდებით, რომ ალბათ, დღესვე მოხდება ეს.

მაღალია ალბათობა რომ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება იქნება გამოყენებული", - განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, გიგი უგულავა რა თქმა უნდა, ბრალის დადგენილებას არ დაეთანხმა და ხელი არ მოაწერა.

"პირდაპირ ეთერში, არსებობს არაერთი ვიდეო, ცხადი იყო რომ აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, რომ გზის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადასვლას, რაშიც პოლიცია ხელს უწყობდა და მოლაპარაკებები იყო, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება, რომ ბლოკირება გზის არ მომხდარიყო. ასეთი კადრი გიგი უგულავასთან მიმართებითაც არ არსებობს. უბრალოდ გზაზე გადასვლა ქალაქში გახდა დასჯადი - დღეს ეს არის აღმაშენებლის ხეივანი, ხვალ შეიძლება რუსთაველის გამზირი დაემატოს, მერე რომელიმე ქუჩა. გადაადგილება აქციის მონაწილეების, რომლებიც „თბილისის მოლის“ შესასვლელთან იყვნენ შეკრებილები იყო თავიდან ბოლომდე შეთანხმებული პოლიციასთან და პოლიცია ახდენდა ორგანიზებას გადასვლის" , - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

2 თებერვლის აქციაზე დაკავებულებს - გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი წიგნაძეს, ირაკლი ტაბატაძეს, ნიკოლოზ კუტუბიძეს, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ ქუმსიშვილს და ალექსანდრე გოგოლაძეს სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინათ.