როცა იზრდება ეკონომიკა, იზრდება საშუალო ხელფასი, მცირდება სიღარიბე - ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში, 2020 წლის შემდეგ მოვახერხეთ სიღარიბის შემცირება 21,3%-დან 7,1%-მდე, ზუსტად სამჯერ შემცირდა სიღარიბე, 280 000 ადამიანი რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე.

"ეკონომიკური განვითარების კუთხით არის უამრავი პროექტი დაგეგმილი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც არის შესაძლებელი. ამას სჭირდება უბრალოდ ძალიან აქტიური მუშაობა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მეტი ეკონომიკა ნიშნავს ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას შიგნით თუ გარეთ, მათ შორის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას და ეს ნიშნავს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. როცა იზრდება ეკონომიკა, ამის პარალელურად იზრდება საშუალო ხელფასი, მცირდება სიღარიბე და ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში, 2020 წლის შემდეგ მოვახერხეთ სიღარიბის შემცირება 21,3%-დან 7,1%-მდე. ზუსტად სამჯერ შემცირდა სიღარიბე, 280 000 ადამიანი რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენს ქვეყანაში. შემოსავლები არის ყველაზე კარგი ინდიკატორი. მიდის თუ არა ადამიანების ჯიბეებამდე გაზრდილი ეკონომიკა - საქართველოში ამის საუკეთესო მაჩვენებელი არის საშემოსავლო გადასახადი. თუ ავიღებთ ამ მაჩვენებელს, ნახავთ, რომ საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე. ანალოგიურად გაიზარდა კორპორაციების მიერ გადახდილი გადასახადები, რაც ნიშნავს თავისთავად, რომ კომპანიების ბრუნვა გაიზარდა, წარმოებული პროდუქცია გაიზარდა. ეს ყველაფერი მარტივად აისახება,  იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში კომპანია და ადამიანი იხდის თანხას ბიუჯეტში და თუ შემოსავალი არ არსებობს ბუნებაში, ბუნებრივია, გადასახადს მარტო ხელისუფლება ვერ გადაიხდის თავისი ჯიბეებიდან. ეს არ არის საკმარისი. ჩვენი ამოცანაა სიღარიბის განულება, რა ტემპიც გვაქვს აღებული, რომ ავიღოთ ბოლო წლების ტენდენცია, 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება სიღარიბის განულება. 

და რაც შეეხება საშუალო ხელფასის ზრდას, სხვა პარამეტრებს, ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი ძალიან დიდი პროგრესის მიღწევა. მთავარია შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, - განაცხადა კობახიძემ.