ისევ როგორც 2003-ში, 2008-ში გვეძახის ჩვენი ქვეყანა, ისევ ჩვენი გადასარჩენია საქართველოს არსებობა, რეპუტაცია და მომავალი. ისევ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ორი უმთავრესი ქართული ღირებულება - თავისუფლება და ევროპისკენ გეზი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული.

მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ გამარჯვებისთვის არიან დაბადებული.

“მეგობრებო, ჩემო მრავალ განსაცდელ გამოვლილო სახელმწიფოს აღმშენებელო, ერთგულო თანამებრძოლებო.

ისევ როგორც 2003-ში, 2008-ში გვეძახის ჩვენი ქვეყანა, ისევ ჩვენი გადასარჩენია საქართველოს არსებობა, რეპუტაცია და მომავალი.

თქვენ ხართ საოცარი ჯგუფი, რომელმაც თავის დროზე მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად დაამარცხეთ კორუფცია, კრიმინალი, უშუქობა, უიმედობა. მთელს რეგიონში შექმენით პროგრესის ტალღა, დაწერეთ საქართველოს ისტორიის ოქროს ფურცლები.

ახლა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს განსაცდელშია და ისევ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ორი უმთავრესი ქართული ღირებულება - თავისუფლება და ევროპისკენ გეზი.

თავისუფალი ევროპული საზოგადოება არის ერთადერთი გარემო რომელშიც ქართული თვითმყოფადობა, ეროვნული ნიჭი და გონიერება გაიფურჩქნება. ყველაფერი დანარჩენი არის თავსმოხვეული რუსული ჭაობი.

მეც უკვე 5 წელია, ვუძლებ ციხის მძიმე პირობებს, იზოლაციას, გავუძელი წამებას, მოწამვლას, ორმხრივ ლანძღვას და შეურაცხყოფას, იმიტომ რომ ვგრძნობ თქვენს თანადგომას რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გითხრათ.

ასევე ხალხის სიყვარულის სწრაფად მზარდ ტალღას, რომელიც უკვე კალაპოტს არღვევს და მალე რეჟიმის ამოყვანილ ჯებირებსაც გაანგრევს და დიდი ენერგიით გვიბიძგებს ისევ თავისუფლებისკენ, ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ, აღმშენებლობისკენ!

ჩემი და ციხეში მყოფი ჩვენი თანამებრძოლების ამოცანაა არამხოლოდ პირადი თავისუფლება, არამედ ამაზე მეტად მნიშვნელოვანი საქართველოს გათავისუფლება, ხალხის თვალებში გამოხედვა, ქვეყნის გათავისუფლება ოკუპაციისგან და ჭაობისგან და აფხაზეთის დაბრუნება, ძალიან წარმატებული დიდი სახელმწიფოს შექმნა.

ჩვენ ახლა ვცდილობთ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ გაჭირვებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი უზენაესი დანიშნულება, ისევ ვიყოთ ძლიერები, ისევ გავაკვირვოთ მსოფლიო ჩვენი მიღწევებით და ავაფრიალოთ აფხაზეთში ჩვენი ხუთჯვრიანი თავისუფლების დროშა.

ყველანაირი მცდელობა ჩვენი დაყოფის და დემოტივაციის, შიდა დამყოფებს ცუდად შემოუბრუნდათ და ასევე მტრისთვის საბოლოო ჯამში არაფრით დასრულდა და ვერც მომავალში მიაღწევს ის ჩვენს თამაშგარედ დატოვებას. იმიტომ რომ ჩვენ ვართ სახელმწიფოებრიობის იდეის მატარებლები და შესაბამისად მთავარი ქართული პოლიტიკური ძალა და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი უნდა გვახსოვდეს ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაბადებული", - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.