ივანიშვილის რეჟიმი უკვე ნარატივების დონეზე ამზადებს ოფიციალურად, საბოლოო უარის თქმას ევროკავშირში გაწევრიანებაზე, - ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ფარისევლობს, როცა აცხადებს, რომ მათ აქამდე არ იცოდნენ, რას მოიცავდა ევროკავშირში გაწევრიანების გზა.

"ივანიშვილის რეჟიმი უკვე ნარატივების დონეზე ამზადებს ოფიციალურად, საბოლოო უარის თქმას ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ჩვენ გვახსოვს, რომ კობახიძემ აწმყოში უკვე უარი თქვა ამაზე, თუმცა უკვე მომავალზეც უნდა თქვან უარი. ეს არის მთავარი მითითება, რომელიც კრემლისგან მიიღო ივანიშვილის რეჟიმმა.

"ოცნების" მოლაპარაკე თავებმა აქამდეც ძალიან კარგად იცოდნენ, რას მოიცავს ევროკავშირის წევრობა და რა არის გაწევრიანების მიზანი, ეს მათ ახლა არ გაუგიათ და მათი ნაბიჯები არის ფარისევლური, რომ თურმე ახლა მიხვდნენ, რა არის ევროკავშირის წევრობა და რა არის ამისთვის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.