სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გეკა გელაძის და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შვილის ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისგან, საპატიმრო დაწესებულებიდან მათი გათავისუფლებისა და შემდგომში საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების სანაცვლოდ, მოტყუებით სხვადასხვა დროს ჯამში 11 300 ლარი აიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ სუსში.