"მსგავსი ადამიანები ვერ უნდა ბედავდნენ, რომ იყვნენ რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი, რადგან, პირველ რიგში, იმ ქვეყანას აზიანებენ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ გავრცელებული მიმართვის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, განცხადება ელჩის მხრიდან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი შანსი არ აქვს, არის შეურაცხმყოფელი და სცდება დიპლომატიურ ჩარჩოებს.

"დღეს, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჯერ კიდევ ქვეყნის შიგნით არსებობენ ისეთი ელჩები, როგორიცაა პეტერ ფიშერი. მსგავსი ადამიანები ვერ უნდა ბედავდნენ და არ უნდა აძლევდეს საშუალებას ქვეყანა, რომ იყვნენ რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი. ეს დამაზიანებელია, პირველ რიგში, იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოადგენს. ჩვენ გერმანიასთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს.  როდესაც ვხედავთ თავხედობას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ელჩის მხრიდან, ეს ძალიან მძიმეა, შეურაცხმყოფელია და სცდება ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია.

"საქართველოს და გერმანიას, საქართველოს და ევროკავშირს ერთად დიდი გეგმები გვაქვს. ევროკავშირმა საქართველოს წევრობა შესთავაზა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისაღებ ოთახში შეგიპატიჟეთ ერთად საცხოვრებლად. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში ეს შეუძლებელი იქნება. ამიტომ ბევრი რამ რისკის ქვეშაა. ერთ-ერთი მათგანია ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ევროკავშირში გვინდა, რომ ქართველები გვესტუმრონ მაშინ, როცა სურთ, როგორც სასურველი სტუმრები და მეგობრები. ევროკავშირში არავის უწევს თავისი კულტურის,  ტრადიციების დათმობა. ერთადერთი ღირებულება, რაც უნდა გავიზიაროთ, დემოკრატია და კანონის უზენაესობაა.

ხანდახან ახალგაზრდა ქართველები მეკითხებიან -  ჩვენ უნდა დავთმოთ ტრადიციები, ჩვენი რელიგია, ჩვენი ეროვნული სიამაყე? არა, სავსებით არა, ამიტომ გავაგრძელოთ ერთად ეს გზა. დავბრუნდეთ, იმას რასაც 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.