91 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი ჯორჯო არმანი გარდაიცვალა. 

ჯორჯო არმანი კომპანია „არმანის“ დამფუძნებელი და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.

დიზაინერთან გამომშვიდობება მოქალაქეებს 6-7 სექტემბერს შეეძლებათ, დაკრძალვა დახურულ წრეში გაიმართება.

ჯორჯო არმანი იყო იტალიელი დიზაინერი და მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა სტილი და ელეგანტურობის გაგება. მილანში დაბადებულმა არმანიმ თავდაპირველად მედიცინა აირჩია, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისი ნამდვილი მოწოდება ხელოვნებასა და ესთეტიკა იყო. იგი მუშაობდა სხვადასხვა მოდის სახლში, მათ შორის Cerruti-ში, რის შემდეგაც 1975 წელს საკუთარი ბრენდი დააარსა.

Armani-ის სახელი გახდა სინონიმი მინიმალისტურ, დახვეწილ და კომფორტულ სტილთან. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მამაკაცისა და ქალის კოსტიუმების რევოლუციურმა დიზაინმა, რომლებმაც ტრადიციული ფორმალობა უფრო თავისუფალი და თანამედროვე გახადა. მისი ტანსაცმელი ხშირად ჩნდებოდა ჰოლივუდურ ფილმებში, ხოლო მსახიობები და ცნობილები წითელ ხალიჩაზე მის კოლექციებს ირჩევდნენ. მოდის გარდა, არმანიმ ბიზნესი გააფართოვა და შექმნა Emporio Armani, Armani Exchange, Armani Casa და სხვა ხაზები, ასევე შევიდა სუნამოების, სასტუმროებისა და ინტერიერის დიზაინის სამყაროში. მისი ხედვა აერთიანებდა დახვეწილ გემოვნებასა და ხელმისაწვდომ ელეგანტურობას, რაც მილიონობით ადამიანს აძლევდა საკუთარი სტილის გამოხატვის საშუალებას.