ევროკავშირში არის უამრავი სახელმწიფო, სადაც ერთსქესიანთა პარტნიორობა არ არის დაკანონებული. არანაირ ამდაგვარ სისულელეს, რომ დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება, ევროკავშირი არ გვთხოვს, - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა რა მოთხოვნებიც დააყენა, ხელისუფლებამ არ შეასრულა ამაზე და პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხოლოდ მათ.

"ევროკავშირში არის უამრავი სახელმწიფო, სადაც ერთსქესიანთა პარტნიორობა არ არის დაკანონებული - პოლონეთი, ხორვატია, უნგრეთი - "ქართული ოცნების" მთავარი საყრდენი და პროპაგანდისტი. არანაირ ამდაგვარ სისულელეს, რომ დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება, ევროკავშირი არ გვთხოვს. ეს არის სისულელე, ეს არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა. პუტინი გამოდიოდა და ამბობდა - უხ, ეს ევროპელები, მათ უნდათ, რომ დედა და მამა შეცვალონ და მშობელი ნომერი 1 და მშობელი ნომერი 2 აღმოჩნდნენო. ერთი პერიოდი "ქართულმა ოცნებამ" პროპაგანდისტული ნარატივიც აიღო, მაგრამ იმდენად სასაცილო იყო, რომ ყველამ "ფეხებზე დავიკიდეთ". სინამდვილეში, ევროკავშირში არაფერს ამდაგვარს არ გვთხოვენ.

ევროკავშირმა წამოაყენა ძალიან კონკრეტული პირობები - ეს არის პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმება და ანტიდასავლური პროპაგანდის შეწყვეტა. ამაზე საპასუხოდ კი ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არა მარტო არ შეასრულა ეს პირობები, არამედ პირიქით, ცდილობს მათ პროპაგანდად გადაქცევას და ევროკავშირისვე წინააღმდეგ გამოყენებას. ამიტომ ვამბობთ, რომ პასუხისმგებლობა უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე აკისრია მხოლოდ "ქართულ ოცნებას", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.