თბილისის მერია არ არის დაინტერესებული პრევენციული ღონისძიებებითა და მოქალაქეთა სიცოცხლის დაცვით – მათი მთავარი საზრუნავია ძალაუფლების შენარჩუნება და პირადი გამდიდრება, მაშინ როცა მათი პირდაპირი მოვალეობაა ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.

“საქართველოს ე.წ. ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მათი უსაფრთხოება. წლებია, ჩვენ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომლებიც უკავშირდება მეწყერს, საშიშ ზონებს, სხვადასხვა უბედურ შემთხვევებს, იქნება ეს ძველი შენობა-ნაგებობები, ავტოსაგზაო შემთხვევები თუ სხვა მოვლენები, რომლებიც პირდაპირ არის ასახული ადამიანების სიცოცხლეზე, მათ ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე, თუმცა არც თბილისის მერია, არც აღმასრულებელი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული პრევენციული ღონისძიებების გატარებით, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენით, დაინტერესებულია მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებით, პირადი კორუფციული ინტერესებით, ანგარებით, გამდიდრებით და სხვა ყველაფერი მათთვის არის მეათეხარისხოვანი, როდესაც მათი პირდაპირი მოვალეობაა, რომ იზრუნოს ადამიანების სიცოცხლეზე და მათ ჯანმრთელობაზე, გაატაროს პრევენციული ზომები, როცა ადგილი აქვს  მომატებული საფრთხის მქონე მოვლენებს, როგორიც არის მეწყერსაშიში ზონები, წყალდიდობები და სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებიც დღეს, 21-ე საუკუნეში სავსებით პროგნოზირებადია წინასწარ, სად არის მომატებული საფრთხის ზონა, რა პრევენციული ზომები უნდა გატარდეს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება არის გულგრილი, რაც არის დანაშაული და სამწუხაროდ ამ დანაშაულს ეწირება ბევრი საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.