დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და უწყების მისამართით გამოთქმული ბოლოდროინდელი ბრალდებები უსაფუძვლოა.

მისი განმარტებით, მოთხოვნის შემდეგ, ცხოველთა თავშესაფარში შესვლაზე და იქ არსებული ვითარების გაცნობაზე პრობლემა არავის ჰქონია.

"ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ნამდვილად მეამაყება ის, რაც შევძელით და გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. არ ჩამოვთვლი და არ დავიწყებ საუბარს, რა გვაქვს გაკეთებული და რა პროექტები ხორციელდება, რომლებიც ჯერ არ არის დასრულებული. იმ ადამიანებმა, ვინც არასწორად, არაჯანსაღად იქცევა, ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი. შესაბამისად, ის ცრუ განცხადებები, პიარკამპანიები, ტალახის სროლა თავშესაფარზე, კატეგორიულად მიუღებელია. არასდროს არავის ჰქონია პრობლემა ცხოველთა თავშესაფარში შესვლაზე. მოთხოვნის შემდეგ, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო იქ შესვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ თანამშრომლების მიმართ გამოხატული შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მიუღებელი ფორმაა.

"ჯანსაღი ადამიანები ასე არ იქცევიან, რასაც ჩვენ ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში ვხედავთ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება - შეურაცხყოფის მიყენება, ტყუილი ინფორმაციების გავრცელება, სიცრუე, მუქარები. იცით საერთოდ, სოციალურ ქსელში როგორ ესაუბრებიან „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ თანამშრომლებს? რა შეტყობინებებს უგზავნიან მათ ოჯახის წევრებს? გაქვთ ამაზე საერთოდ ინფორმაცია?“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ პროტესტისა და განსხვავებული აზრის გამოხატვა ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი ქმედებებით დაუშვებელია.

"გეუბნებით ამ ადამიანების დამოკიდებულებას ჩვენი მუნიციპალური თავშესაფრის თანამშრომლების მიმართ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ამ ფორმით, ამ ლექსიკით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. მიხვიდე თავშესაფართან, ვიღაცას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო, არ არის სწორი ფორმა. არ არის ეს ჯანსაღი დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.