ყირიმის ხიდს დაარტყეს ოპერაციის მეშვიდე ეტაპზე, რომელსაც შვიდი კვირის განმავლობაში ამზადებდნენ. საბოლოო იერიშისთვის უკრაინელმა სამხედროებმა სხვადასხვა სახის დრონები და რაკეტები გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დღეს ყველას შეუძლია დაინახოს შედეგები რუსეთის ტერიტორიიდან ჩვენს უკრაინულ ყირიმში მთავარი სამხედრო გადასასვლელთან დაკავშირებით", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს ოპერაციის მეშვიდე ეტაპის შედეგია. იგი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან ერთად შეიმუშავა და კოორდინაცია გაუწია, ხოლო მისი განხორციელება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პრეზიდენტმა ოპერაციას უპრეცედენტო უწოდა და მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სამსახურს, თავდაცვის ძალების ყველა ჩართულ ქვედანაყოფს, თავდაცვის მინისტრს, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალსა და გენშტაბს, ასევე, დაზვერვას და იარაღის თითოეულ მწარმოებელს.

"ჩვენი მებრძოლები ეტაპობრივად ანადგურებდნენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, რადარებს, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებსა და სხვა განსაზღვრულ ობიექტებს საბოლოო სამიზნისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი მონაცემებით, ამ ოპერაციაში გამოიყენეს: Dovbush, Vendenta, Da Vinci, January, MICH 2000, Ruta, Palyanitsa, An-197, FP-1, FP-5 Flamingo და R-360 Neptun.

პრეზიდენტის თქმით, გადამწყვეტ ეტაპზე Palyanitsa დრონებმა სამაგალითოდ იმუშავეს. მათ ხიდის გზის მონაკვეთი დაბომბეს. რკინიგზის მონაკვეთი Neptun-ის რაკეტებით, Ruta-თი და FP-5 დრონებით დაიბომბა.

ასევე, უკრაინელმა მებრძოლებმა „ფლამინგოს“ დახმარებით მართვადი დარტყმა განახორციელეს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კავშირი ბოლო წამებამდე შესანიშნავად მუშაობდა.

"ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ რუსეთს დეესკალაციის ნაბიჯები და ყველა შეთავაზებაზე მხოლოდ ხმამაღალი უარი გვესმოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ყოველდღიურად ურტყამს უკრაინულ ინფრასტრუქტურას, კერძოდ, ხიდებს ზაპოროჟიეში, დნიპროში, კიევსა და ოდესის ოლქში.

"ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ინფრასტრუქტურას, მაგრამ რუსეთს იმასაც ვახსენებთ, რომ ომი ყოველთვის დაბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო. უკრაინის თავდაცვის პოტენციალი არის და იქნება მაღალი, და ჩვენ არასდროს დავტოვებთ უპასუხოდ ტერორს ჩვენი ქალაქებისა და ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყირიმის ხიდი 17 ნოემბრის ღამეს ნაწილობრივ ჩამოინგრა. წყალში ჩავარდა თაღი და საავტომობილო მონაკვეთი, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ხიდზე მოძრაობა შეუძლებელია.