თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა, ქვეყანას გააჩნია იმის რესურსი, რომ ამ მხრივ არცერთ სხვა ქვეყანაზე არ იყოს დამოკიდებული - პირიქით, საქართველოს შეუძლია, იყოს ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელება ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, რათა საქართველო ენერგეტიკული თვალსაზრისით დამოუკიდებელი იყოს. ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და მეამაყება, რომ გორში, ქარის ერთი ელექტროსადგურის და 23 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განვახორციელეთ, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი ზეწოლა, ხელის შეშლა, შეურაცხყოფა და ცილისწამება. ქვეყანას აქვს უდიდესი რესურსი, რომელიც, რა თქმა უნდა, რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ. ამის არგამოყენება დანაშაული იქნება. გვაქვს საშუალება, რომ ელექტროენერგიის თვალსაზრისით, არ ვიყოთ დამოკიდებული არც აზერბაიჯანზე, არც რუსეთზე. პირიქით, ვიყოთ თვითკმარი ქვეყანა და მეტიც, შეგვიძლია, ჩვენი რესურსების სწორად გამოყენებით, განვახორციელოთ ელექტროენერგიის ექსპორტი თუნდაც ევროპულ ქვეყნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, დიდი პროექტების - „ხუდონჰესის“, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა აუცილებელია, რადგან ეს კეთდება ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე შეფასებით, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, საზოგადოებას უფრო მეტი, დეტალური ინფორმაცია უნდა მიეღო.

"ვფიქრობ, უფრო სწორი მიდგომა უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ უნდა აეხსნათ მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. ეს ჩვენი, ყველას პრობლემა იყო. ამიტომ უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო იმისთვის, რომ ამ ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს. ვიღაცას რაღაც პროტესტი შეიძლება ჰქონდეს, ეს ჩვეულებრივი მომენტია. როდესაც ამ ტიპის, ამ მასშტაბის პროექტები ხორციელდება, არსებობენ მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება შეეწინააღმდეგონ სამუშაოებს, თუმცა ჩვენი ვალია, ავუხსნათ, უფრო მეტი ვისაუბროთ. ვიღაცას შეიძლება რაღაც სხვა ინტერესები ჰქონდა, ვიღაცას შეიძლება სხვა სახელმწიფო უხდიდა იმაში, რომ პროტესტი გამოეთქვა. ბევრი ფაქტორია, რაც ვნახეთ და პრობლემას წარმოადგენდა. მთავარი პრობლემაა ისაა, რომ პროექტი ვერ განხორციელდა, რაც, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია. მომავალში აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.