გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ვწუხვართ, რომ დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით, იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს.

ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას.

გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი", - აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის სოციალურ ქსელ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ფიშერი აღნიშნავს: „გერმანიის მთავრობა სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ჩემ მიმართ, როგორც ელჩისადმი. რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. მე ეს საქართველოშიც საჯაროდ ვთქვი. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლეს არ შეესაბამება“.

„მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს ფაშისტური ყიჟინით თავს ესხმოდნენ. მას ეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ დაუგმია და არც ამ ექსტრემისტული ჯგუფის მხარდაჭერა გაუხმია უკან. ამიტომ ელჩის მხრიდან საპირისპიროს მტკიცება არასწორია, არ არის სიმართლე. აკრედიტებული დიპლომატის მიერ მასპინძელ ქვეყანაში ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის უხეში დარღვევაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.