დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მამუკა ფიფია "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ სანქციებით გამოწვეული ანგარიშების დახურვის გამო, მის საქმიანობს საქართველოში შემოვლითი გზებით დააფინანსებს.

პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ საქართველოში საბანკო ანგარიში ორ ბანკში ჰქონდა, თუმცა მან თანხის გატანა მოასწრო, სანამ ანგარიშებს გაყინავენ.

რაც შეეხება დაწესებულ შეზღუდვებს, მას ფიფიამ "ჯილდო უწოდა".  „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელს არ აქვს მოლოდინი, რომ ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე მას საქართველოში შემოსვლაზე პრობლემები შეექმნას.

"პირველების" კითხვაზე, როგორ ფიქრობს, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან კავშირების გამო მოხვდა თუ არა საქცირებულთა სიაში, ფიფია ამბობს, რომ "ფარცხალაძე უკვე ოთხჯერ არის სანქცირებული".

მამუკა ფიფია: ეს [ბრიტანეთის მიერ დასანქცირება] არის ჯილდო ჩემთვის, ძალიან მიხარია.

TV პირველი: საბანკო ანგარიშები გაგეყინებათ და როგორ დააფინანსებთ თქვენს საქმიანობას?

მამუკა ფიფია:  ეს არის სახელმწიფო საიდუმლო...

TV პირველი: როგორ დავაფინანსებთ?

მამუკა ფიფია: არის გზები მაგის, დაფინანსების.

TV პირველი: საქართველოში საბანკო ანგარიში რამდენ ბანკში გქონდათ?

მამუკა ფიფია: საქართველოს ორ ბანკში მქონდა ანგარიშები და ყველაფერი მქონდა გატანილი. ბოლოს დღეს შევამოწმე ანგარიშები.

TV პირველი: აბა გავიტანეო?

მამუკა ფიფია: კი გავიტანე, მაგრამ შევამოწმე.

TV პირველი: სანქციების შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე პრობლემა შეგექმნებათ?

მამუკა ფიფია: არა მგონია, - რატომ არ უნდა შემომიშვან საზღვარზე, მე ვარ საქართველოს მოქალაქე. ქართული პასპორტით შემოვალ ჩემს სამშობლოში.

TV პირველი:  ქართული პასპორტით დაგასანქცირეს...

მამუკა ფიფია: ძალიან კარგი.

TV პირველი:  ოთარ ფარცხალაძის გამო მოხვდით სანქცირებულთა სიაში?

მამუკა ფიფია: ოთარ ფარცხალაძე უკვე 4-ჯერ არის სანქცირებული".

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს: მამუკა ფიფიას, გიორგი ირემაძეს, ნიკოლოზ მჟავანაძეს და პაატა აბულაძეს. სანქციები ასევე შეეხო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქმედ და ყოფილ ე.წ. პრეზიდენტებს მარატ კამბოლოვს და ალან გაგლოევს.

სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას, სატრასტო მომსახურების შეზღუდვასა და დირექტორის თანამდებობის დაკავების აკრძალვას.

სანქციების მიზეზად კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერა სახელდება.