საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის - ზორკინის მეთოდოლოგიას მიჰყვება პარტიების გაუქმებით, წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილებით და პროპაგანდის საკონსტიტუციო სივრცეში გადმოტანით, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად აუცილებელია სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმისა და ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენება.

"საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ქართველი ხალხი შეჰყავთ შეცდომაში. ისინი განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც სასამართლო სისტემაში მაღალი თანამდებობების მქონე მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, ანგარიშვალდებულების, პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის შემოწმებას ითვალისწინებს. სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულება და მისი რეფორმა ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მოსამართლეების მცდელობა, „ქართული ოცნების“ ნაცნობი, პროპაგანდისტული მეთოდით, უცხო ტერმინის - „ვეტინგის“ გამოყენებით დისკრედიტაცია გაუკეთონ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულებისა და პროფესიული შესაბამისობის შემოწმების იდეას, ხოლო ამ პროცესისადმი წინააღმდეგობა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვად წარმოაჩინონ, ქედმაღლობისა, თავხედობის და საზოგადოებისთვის “ქართული ოცნების” პოლიტიკური პოზიციის თავს მოხვევის ნათელი მაგალითია. სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ქვეყანაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების ეფექტური მექანიზმი გახდა. როდესაც სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობა დაკარგულია და სისტემაზე ხელისუფლებასთან შერწყმული სასამართლო კლანი ახორციელებს გავლენას, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის შემოწმება ქართველი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნაა.

მინდა შევახსენო საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ინიციატივა არ ითვალისწინებდა მთელი სამოსამართლო კორპუსის შემოწმებას. საუბარი იყო დაახლოებით 60 მოსამართლეზე, რომლებიც მაღალი საჯარო ინტერესის მქონე თანამდებობებს იკავებენ, მათ შორის სასამართლოების თავმჯდომარეებზე, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებზე. რეფორმა უნდა განხორციელებულიყო პარლამენტის ზედამხედველობით, ადგილობრივი და საერთაშორისო მაღალი კვალიფიკაციის იურისტების საექსპერტო მონაწილეობითა და რეკომენდაციებით. მისი მიზანი არ ყოფილა საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის სასამართლო სისტემაზე კონტროლის გადაცემა ან სხვა საერთაშორისო უცხო მექანიზმების ჩარევა ქვეყნის მართლმსაჯულებაში. მიზანი იყო სასამართლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად აუცილებელია სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმისა და ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენება. მოსამართლეები იმეორებენ პუტინის რუსეთის პროპაგანდისტულ არგუმენტებს, რომლებსაც კრემლი 2022 წელს უკრაინასთან მიმართებით ანტიკორუფციული და სასამართლო სისტემის რეფორმების წინააღმდეგ იყენებდა. შემაშფოთებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ გამოხატავენ წინააღმდეგობას საქართველოში დემოკრატიული პლურალიზმისა და საკონსტიტუციო სამართლის სივრცის რუსული პროპაგანდისტული ნარატივებით ჩანაცვლების მიმართ. პირიქით, ისინი “ქართული ოცნების” იდენტურ პოლიტიკურ პოზიციას იმეორებენ და ამით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

სამწუხაროდ, ჩემი ადრინდელი შეფასება გამართლდა: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის - ზორკინის მეთოდოლოგიას მიჰყვება პარტიების გაუქმებით, წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილებით და პროპაგანდის საკონსტიტუციო სივრცეში გადმოტანით“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.