როგორც ჩანს, განსაკუთრებული სამიზნე არის "ლელო" იმიტომ, რომ დღეს ერთდროულად ჩვენი პარტიის სამი მნიშვნელოვანი წევრი დააკავეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაუგებარი მიზეზებით - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათთან ერთად დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ბექა პაპაშვილი.

"როგორც ჩანს, განსაკუთრებული სამიზნე არის "ლელო" იმიტომ, რომ დღეს ერთდროულად ჩვენი პარტიის სამი მნიშვნელოვანი წევრი დააკავეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაუგებარი მიზეზებით. მე მინდა აღვნიშნო, რომ ვერანაირი მსგავსი ქმედება ვერ აგვაღებინებს ჩვენ ხელს იმ პოლიტიკურ ბრძოლაზე, რომელიც გამოცხადებული გვაქვს რუსული რეჟიმისთვის. მე მინდა აქვე განვაცხადო, რომ გარდა იმისა, რომ დღეს უკანონოდ დააკავეს ოთო ფარულავა, ლევან ჯორბენაძე და ბექა ბერიძიშვილი, ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით, სხვა პარტიის მიმართაც განხორციელდა შესაბამისი დევნა, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ბექა პაპაშვილის და სავარაუდოდ, სხვა პირების მიმართაც. ხელისუფლება, რომელიც ჩიხშია შესული, რომელიც იზოლაციაშია, ფიქრობს, რომ დღეს დაშინებით, ძალადობითა და დევნით შეაჩერებს ჩვენს პოლიტიკურ აქტივობას.

როდესაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს, ჩვენ ვთქვით, რომ ვერაფერი ვერ შეგვაშინებს, ვერ აგვაღებინებს  ხელს ამ ბრძოლაზე და დღესაც იგივე გზავნილი მაქვს - ეს ბრძოლა არ შეჩერდება და როდესაც ხელისუფლება ჩვენს შევიწროებას და სამართლებრივ დევნას შეეცდება, ჩვენ ამას ვუპასუხებთ მხოლოდ გაძლიერებით. ჩვენ დავასრულებთ ამ ქვეყანაში რუსული ხელისუფლების თარეშს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.