პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.

"დანარჩენს, ბუნებრივია, გამოძიება იტყვის. ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. იცით, კონკრეტული მუხლითაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და ზოგადად ყველა გარემოებას, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. ბუნებრივია, თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის ჩემი მხრიდანაც და არა მარტო ჩემი მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდანაც“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადა თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული.

ჟურნალისტის კითხვაზე, „ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს კორუფციას და ბარიგების მფარველობას?“, – ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხომ? ზოგადად სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა. იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული, უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, ეს არის „ტვ პირველი“, „ფორმულა“. მე გეუბნებით, რომ ზოგადად გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული. სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება გამომდინარე იქიდან, რომ მას აბრალებენ ათას ტყუილს ძალიან ხშირად, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი. ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია. ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, სიძულვილის მუდმივად დათესვა, ეს ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ არავის უნდა გვიკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას მის მიმართ. მე მოვიყვანე ერთ-ერთი მაგალითი, დანარჩენი, ბუნებრივია, უნდა დაადგინოს გამოძიებამ“.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გამოძიების პროცესს თავადაც გააკონტროლებს.

„არა მარტო მე, პირველ რიგში, დაინტერესდა გამოძიება ამ საკითხით, მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.