თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს ალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ალექსი ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

პროკურატურა 30 000 ლარის ოდენობის საპატიმრო გირაოს ითხოვდა, ადვოკატმა კი არასაპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ამასთან, ადვოკატმა ლალი აფციაურმა სასამართლოს წარუდგინა თორნიკე რიჟვაძის მშობლების წერილი, რომლითაც მათ პროკურატურას უკვე მიმართეს. წერილში რიჟვაძის მშობლები აღნიშნავდნენ, რომ არ ჰქონდათ პრეტენზია ალექსი ახვლედიანთან, რომ ალექსი ახვლედიანი და თორნიკე რიჟვაძე უახლოესი მეგობრები არიან და ითხოვდნენ ახვლედიანის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის ინტერესშია გამოძიებასთან თანამშრომლობა.

„ჩემს ინტერესშია, გამოძიებასთან თანამშრომლობა. ჩემს მეგობარზეა საუბარი. დანაშაული არ ჩამიდენია. მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიების პროცესში.  სიმართლე დადგინდება, გარემოების ბრალია“, – აღნიშნა ალექსი ახვლედიანმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 15:00 საათისთვის ჩაინიშნა.

ახვლედიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით აქვს წარდგენილი ბრალი, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით 7 ივლისს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე  სტუმრად იმყოფებოდა ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსი ახვლედიანის სახლში.

პროკურატურის ცნობით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.