ეს არის რეჟიმის მხრიდან იმიტაცია, თითქოს, საქართველოში ფულის გათეთრებას ებრძვის. სწორედ ივანიშვილის რეჟიმმა აქცია ჩვენი ქვეყანა ირანული და რუსული სისხლიანი ფულის კრიპტო სამრიცხველოდ, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭო წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკიცაა.

"ეს არის რეჟიმის მხრიდან იმიტაცია, თითქოს, საქართველოში ფულის გათეთრებას ებრძვის. სწორედ ივანიშვილის რეჟიმმა აქცია ჩვენი ქვეყანა ირანული და რუსული სისხლიანი ფულის კრიპტო სამრიცხველოდ. ამასთან დაკავშირებით არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ვიხილეთ, ეს არის ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაც.

გლდანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში როდესაც რეგისტრირდება კომპანია, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილთან, ბაჩიაშვილთან და თანაინვესტირების ფონდთან, ამის მიმართ ეროვნული ბანკი არა მხოლოდ ლოიალურია, არამედ არ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, სწორედ ამიტომ, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო უდიდესი დარტყმა და რეპუტაციული ზიანი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა, მას ათეულობით მილიონი დოლარის კრიპტო ვალუტის ტრანზაქცია და ნაღდი ფულის კონვერტაცია ედება ბრალად.