დღეს ყველას განსაკუთრებული ერთობა გვმართებს იმისათვის, რომ გავერთიანდეთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ არცერთი მოსამართლე და ვერცერთი ციხე ვერ გააჩერებს ბრძოლას, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში შექმნილია ვითარება, როდესაც ყველაფერს განკარგავს რუსი ოლიგარქი.

"დღეს ივანიშვილის სასამართლოს მორიგი პოლიტიკური ეგზეკუციის დღეა. დღეს რუსი ოლიგარქის, საქართველოს ჩრდილოვანი მმართველის ბიძინა ივანიშვილის მორჩილი მოსამართლე განაჩენს გამოუცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს.

ეს არ არის სამართალი. ეს არ არის სასამართლო. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მანქანა, რომელიც 2012 წლიდან ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - გაანადგუროს თავისუფალი აზრი, ოპოზიცია და ყველა, ვინც რუსულ რეჟიმს არ ემორჩილება.

14 წელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის რეჟიმის მთავარი სამიზნეა. 14 წელია, ათასობით ადამიანი გახდა ამ რუსული რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი. 14 წელია, საქართველოში შენდება შიშზე, ძალადობასა და პოლიტიკურ დევნაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემა.

ენმ ის დამფუძნებელი თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი პატიმარია. ის დატყვევებულია მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ევროპისკენ წაიყვანა, იმიტომ რომ დაამარცხა კორუფცია, შექმნა ძლიერი სახელმწიფო და არასოდეს დაუხრია თავი რუსეთის წინაშე.

დღეს პოლიტიკურ ტყვეობაში არიან ენმ-ის ლიდერი ირაკლი ნადირაძე და ჩვენი 15 პარტიის წევრი, თანამებრძოლი - ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ისჯებიან, რომ თავისუფლებას, ევროპას და საქართველოს იცავენ.

ახლა კი რეჟიმს სურს გაასამართლოს ლევან ხაბეიშვილი. რისთვის? იმისთვის, რომ ხალხის მხარეს იდგა.
იმისთვის, რომ არ შეეშინდა. იმისთვის, რომ სიმართლე თქვა. ლევან ხაბეიშვილს ასამართლებენ იმიტომ, რომ მან მიმართა სპეცრაზმს და უთხრა - არ დაარტყათ საკუთარ ხალხს. არ მოწამლოთ ადამიანები მხუთავი გაზით.
არ შეასრულოთ უკანონო და დანაშაულებრივი ბრძანებები. არ გახდეთ რუსული რეჟიმის ბრმა იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. და სწორედ ეს სიტყვები გახდა მათი შურისძიების მიზეზი. რეჟიმს ეშინია თავისუფალი ადამიანის. ეშინია შეუპოვრობის. ეშინია იმ ხალხის, ვინც ვერ გატეხეს, ვერ დააშინეს, ვერ იყიდეს. ივანიშვილმა კარგად უნდა გაიგოს, რომ ვერც ერთი მოსამართლე, ვერც ერთი განაჩენი, ვერც ერთი ციხე ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას. ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. გაგრძელდება იქამდე, სანამ საქართველოში აღარ იარსებებს პოლიტიკური დევნა და ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი არ იქნება. სანამ საქართველო საბოლოოდ არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე. ამ ბრძოლაში გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი. თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.